აფხაზი სეპარატისტი ლიდერები დარწმუნდნენ, რომ აფხაზეთის "დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა" ფიქციაა– ჯუმბერ კირვალიძე


      პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ქართულ–აფხაზურ ურთიერთობებთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის მოსაზრებას აქვეყნებს:
 
     აფხაზი სეპარატისტი ლიდერები 25 წლიანი გამოცდილების შემდეგ დარწმუნდნენ, რომ აფხაზეთის "დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა" ფიქციაა, თუმცა ამის აღიარებას უფრთხიან, ხოლო ამის მიზეზი არის ის სახელმწიფო, რომელმაც გაამარჯვებინა მათ, დაეხმარა რა საქართველოსთან ომში და ქართველებისგან აფხაზეთის ტერიტორიის ეთნიკურ წმენდაში! ფაქტია, რომ რუსეთისთვის აფხაზეთის რესპუბლიკის "პოლიტიკური სუვერენიტეტი" იგივეა, რაც რუსეთის ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკების: ჩეჩნეთის, თათრეთის და სხვა. ამასთან დაკავშირებით აფხაზთა ილუზიები კაი ხანია გაქრა და "ნაურუ-ტუვალუს ბურუსში გაეხვია"...

     სოხუმში, გონიერი პოლიტიკოსები უკვე მიხვდნენ, რომ რუსეთის სახელმწიფოს არანაირ ინტერესში არ შედის აფხაზეთის "დამოუკიდებელ სახელმწიფოდ" ცნობა, აშშ-ევროკავშირის სახელმწიფოების მიერ, რადგან ამ შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნების საელჩოების გახსნისთანავე ქალაქ სოხუმში, აფხაზეთში დაიწყება ანტირუსული განწყობების კონსოლიდირება (აფხაზები, "მოჰაჯირობას" გაუხსენებენ რუსებს!), რასაც აფხაზთა მხრიდან მოყვება მოთხოვნა, აფხაზეთიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე!

     ნათელია, რომ აფხაზთა დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშოა, რაზეც ისინი მუდამ ამახვილებდნენ ყურადღებას! მას შემდეგ კი, რაც სეპარატისტებმა ქართველებისგან "გაწმინდეს" აფხაზეთი, არათუ გაუმჯობესდა, პირიქით გაუარესდა, იმ ეთნიკური ჯგუფების სასარგებლოდ, რომლების მიზანი არასოდეს ყოფილა აფხაზეთის "დამოუკიდებლლობა", არამედ მათი ოცნება იყო, - აფხაზეთიდან ქართველების განდევნა და რუსეთის ფედერაციაზე აფხაზეთის მიერთება (კრასნოდარის მხარე!)! დიახ, ესენი არიან აფხაზეთში მცხოვრები  სომხური მოსახლეობა, ეთნიკური რუსები და სხვები!

     ეთნიკური აფხაზები "მარტონი" აღმოჩდნენ იმ თვალსაზრისით, რომ აფხაზეთის "სახელმწიფოს რეალური დამოუკიდებლობა" მხოლოდ მათ სურთ, თორემ აფხაზეთში  მცხოვრები სხვა ეთნოსები, - დღესვე მიესალმებიან რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლას, რასაც ეკომომიკური და სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან, მათ შორის, აფხაზეთში აფხაზთა ეთნოელიტის პრივილეგირებული მდგომარეობით!

     დღეს, აფხაზთა დიდ უმრავლესობას გაგონებაც არ უნდა, აფხაზეთის შესაძლო ინტეგრირებისა საქართველოს შემადგენლობაში! ამავდროულად, აფხაზები აცნობიერებენ იმ რთულ მდგომარებას, რომელშიც აღმოჩდნენ!

     ამიტომ, აფხაზთა ლიდერების ამ დღეებში გამოთქმული მოსაზრება საქართველოსთან დიალოგის დაწყებისა არის მცდელობა, "კბილის მოსინჯვა", თუ რაზე შეიძლება ქართველებთან საუბარი?!  აფხაზებისთვის საოცნებოა, რომ საქართველომ ცნოს აფხაზეთის "დამოუკიდებელი სახელმწიფო", რის შედეგადაც დასავლეთი მყისიერად აღიარებს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზები ეულად აღარ იქნებიან რუსეთის წინაშე! მათი აზრით, ქართველების თანხმობის შემთხვევაში, ანუ "სამაგიეროდ", აფხაზები თანახმანი იქნებიან ქართველი დევნილების დაბრუნებაზე აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე! აი, ეს არის ის სავარაუდო "გეგმა", რაც დღეს შეიძლება აფხაზთა ლიდერებთან დიალოგისას მოვისმინოთ! სხვა ვარიანტზე აფხაზები არც წამოვლენ, ისევე როგორც ჩვენ, რადგან აფხაზთა ამგვარი "შემოთავაზება" საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია! 

     ბჟანია და სხვა აფხაზი თუ გააფხაზებული ლიდერები, რაც უფრო მალე მიხვდებიან, რომ ქართველებთან მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრებაა მათი თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთადერთი გარანტია და არა, რუსეთის საფარქვეშ გამოცხადებული ცრუ "დამოუკიდებლობა", რომელიც მომავალში რუსეთის ნაწილად ქცევის შემდეგ აფხაზთა ასიმილირებით დასრულდება, მით უფრო სწრაფად მოხდება ჩვენი დიდი შერიგება და საუკუნოვანი ურთიერთობების აღდგენა, ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელება!!! ასე რომ, ჯერჯერობით არანაირი საფუძველი არ არსებობს რაიმე ოპტიმიზმისა და თავს ნუ მოვიტყუებთ"– აღნიშნავს ჯუმბერ კირვალიძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно