„ქართულმა ოცნებამ“ ქართულ სახელმწიფოს ოკეანის გაღმა მორიგ ჯერზე მოჭრა თავი – უსუფაშვილი


     „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

     უსუფაშვილის თქმით, კარგი ფაქტია, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება.

     თუმცა, უსუფაშვილის განმარტებით, მეორე მხრივ, საჭირო გახდა აშშ-სგან მითითება, რომ არჩევნები სამართლიანი, სასამართლო კი დამოუკიდებელი უნდა იყოს და პოლიტიკურმა პარტიამ ძალაუფლება არ მიიტაცოს.

     „კარგი ამბავი ის არის, რომ აშშ რჩება სტრატეგიულ პარტნიორად ქართველი ხალხისა. პომპეოს განცხადება ამას ნიშნავს, ხოლო ცუდი ამბავი ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ" ქართულ სახელმწიფოს მორიგ ჯერზე მოჭრა თავი და საჭირო გახდა ოკეანის გაღმიდან იმაზე მოთითება, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მიიტაცოს ძალაუფლება, იგი უნდა დაუტოვოს ხალხს, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ეს იყო ამ საუბრის პოლიტიკური დატვირთვა და შედეგი.

     ჩვენ ვნახეთ შეერთებული შტატების კონგრესის ძალიან მკაფიო მითითება საკუთარი მთავრობისადმი, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება სწორედ სახელმწიფო მდივან პომპეოს მოსაზრება იმის თაობაზე, საქართველოს მთავრობამ გამოიტანა თუ არა დასკვნები განვლილი თვეების გაუგებარი მანევრებისგან, მიხვდა თუ არა, რომ საერთაშორისო დონეზე იმ ტიპის თვალთმაქცობებს, რასაც ქართველი ხალხი კარგად ვხედავთ, გარედანაც ხედავენ. ამიტომ საჭიროა იმ სიტყვის და სტანდარტის ერთგულება. საქართველომ უნდა დაიმკვიდროს ადგილი საერთაშორისო დემოკრატიულ სისტემაში. სწორედ ამაზე გადის ჩვენი კეთილდღეობის, სიღარიბის დაძლევის გზა და საქართველოს თითოეული მოქალაქის მიერ იმ პრობლემების მოგვარების გზა, რომელშიც დღეს ჩვენი მოსახლეობა არის ჩაბმული", – აღნიშნა უსუფაშვილმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно