შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა


     შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული რ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, ცივი იარაღით შეიარაღებული, ნიღბიანი რ.გ., თანამზრახველებთან ერთად, წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში, ყაჩაღურად თავს დაესხა 1954 წელს დაბადებული ნ.მ.-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა ქალბატონს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 40 ათასი ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები, 14 ათასი ლარი, 100 ათასი რუბლი, 300 ევროს ღირებულების მობილური ტელეფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

     პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, ნაყაჩაღარი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

     სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რ.გ. ბათუმში დააკავეს. ბრალდებულის თანამზრახველების დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.

     გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
 

скачать dle 11.0фильмы бесплатно