ავსტრიის მთავრობა საქართველოს სახანძრო-სამაშველო სპეცტანსაცმელსა და აღჭურვილობას საჩუქრად გადასცემს


     ავსტრიის მთავრობა საქართველოს სახანძრო-სამაშველო სპეცტანსაცმელსა და აღჭურვილობას საჩუქრად გადასცემს - საბოლოო დეტალებზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა და საქართველოში ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ, მსჯელობა დღეს გამართეს.

     ავსტრიული მხარე ასევე მზადყოფნას გამოთქვამს ის მაშველები გადაამზადოს, რომლებიც მთაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს ახორციელებენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იუდენბურგის სახანძრო სამსახურების გაერთიანების გადაწყვეტილებით, სახანძრო-სამაშველო სპეცტანსაცმელი და აღჭურვილობა ქართულ მხარეს უახლოეს მომავალში გადაეცემა. 

     საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, გიორგი მღებრიშვილმა, ავსტრიის ელჩს, არად ბენკოს, სამსახურში დაგეგმილი რეფორმებისა და გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და ავსტრია კვლავ განაგრძობენ ორმხრივ თანამშრომლობას, მათ შორის, სახანძრო-სამაშველო სისტემის სრულყოფისა და სრული მოდერნიზების კუთხით. 

    „ახალმა უწყებამ, რომელიც ახლა შეიქმნა, სწრაფი და ეფექტური როლი უნდა შეასრულოს ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზაობის, რეაგირებისა და შედეგების ლიკვიდაციის საქმეში. ამ მიმართულებით, ჩვენი მიზანია შევქმნათ დასავლური სტანდარტის სისტემა, რომელიც ორიენტირებული იქნება მოქალაქეზე და მის უსაფრთხოებაზე. ამ მიზნის მისაღწევად კი გვჭირდება შესაბამისი აღჭურვა, ჩვენი კადრების გადამზადება და მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა" - აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა.

     შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ჩამოყალიბდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ასევე, 2018 წლის 1 იანვრიდან უწყებას შეუერთდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно