„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს


     საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს" წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით სამი პირი დააკავა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

     როგორც ბორცვაძემ აღნიშნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს.

     „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 23 მარტს დაკავებულია წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტები – 1970 წელს დაბადებული ბ.ტ. და 1964 წელს დაბადებული გ.მ., ხოლო „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით – 1959 წელს დაბადებული რ.ღ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – განაცხადა ბოცვაძემ.

     მისივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც კერძო კომპანიის მეწილეა, თავისივე ბიზნესპარტნიორთან – აღნიშნული კომპანიის დირექტორთან წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით, დახმარებისთვის ორი ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა სთხოვა.

     „კანონიერი ქურდის" ზაალ მახარობლიძის (მეტსახელად „გლეხოვიჩის") წარმომადგენლებად და კომპანიის მნიშვნელოვანი წილის დათმობა მოსთხოვეს. ბიზნესპარტნიორებს შორის დავის გადაწყვეტა აღნიშნულ ე.წ. „კანონიერ ქურდთან" სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით გაგრძელდა. ზაალ მახარობლიძემ მხარეებს შორის უთანხმოება თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, "ქურდული წესებით”, ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს", – აღნიშნა ბოცვაძემ.

     მისივე თქმით, პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი – „აკ-74"-ის მოდელის ავტომატი და "არალის” მოდელის პისტოლეტი, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 21 საბრძოლო ვაზნა, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს" უკავშირდებოდნენ.

     ბოცვაძის განცხადებით, გამოძიება „ქურდული სამყაროს" წევრობისა და „კანონიერი ქურდისადმი" მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე 4-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

     „აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იანვრიდან დღემდე პასუხისგებაში მიეცა 5 ე.წ. "კანონიერი ქურდი”, დაკავებულია "ქურდული სამყაროს” 39 წევრი, ხოლო სამინისტროს მიერ ინიცირებული, კანონში შესული ცვლილებების შედეგად დამატებული ახალი მუხლებით – „ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის, „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს" წევრის ან „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ან მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის მიღებისთვის – 32 პირი. ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებული მასშტაბური ერთობლივი ოპერაციების შედეგად კი დაკავებულია – 10 ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი", – განახცადა ბოცვაძემ.
 





скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно