,,თანასწორობის მოძრაობამ" დაგეგმილი აქცია გააუქმა


     ,,თანასწორობის მოძრაობამ" დაგეგმილი აქცია გააუქმა. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნულ განცხადებას ,,ულტრაპრესი" უცვლელად გთავაზობთ:
 
 
,,მოგმართავთ ლგბტ თემის წევრებს, საქართველოს მოქალაქეებს და მათთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებას, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს. მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს საპატრიარქოს, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებსა და საქართველოში უკანონოდ მოქმედ ფაშისტურ დაჯგუფებებს.

     17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელსაც ყოველწლიურად ვუერთდებით ლგბტ აქტივისტები, ჩვენი თანამოაზრეები, მეგობრები და საზოგადოების ის ნაწილი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს დღე, როგორც სიძულვილთან და აგრესიასთან - ამ საყოველთაო ბოროტებასთან ბრძოლის დღე.

     შეგახსენებთ, 2013 წელს ჩვენ შემზარავი მოვლენების შემსწრე გავხდით, როდესაც ამ დღის აღსანიშნავად შეკრებილი რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მანიფესტანტი საქართველოს საპატრიარქოსა და საეჭვო პოლიტიკური ძალების მიერ ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეებმა დაგვარბიეს. ძალთა თანაფარდობის გათვალისწინებით, არსებობდა ნებისმიერი ჩვენგანის სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე, რომელზეც სამწუხაროდ არავის უფიქრია. აგრესიულ კონტრდემონსტრანტთა რაოდენობა რამდენიმე ათეულ ათასს აღწევდა. ეს დღე უმძიმეს ტრამვად დარჩა არამხოლოდ ჩვენი, არამედ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ისტორიაში. მას შემდეგ ყოველი წლის 17 მაისს ჩვენ ზოგჯერ ვახერხებთ, ზოგჯერ ვერც, ხოლო ზოგჯერ ნაწილობრივ, რომ გამოვიყენოთ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლება.

     მიმდინარე წელს ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მათ დეკლარირებულად მოგვცეს უსაფრთხოების გარანტიები.

     თუმცა, ჩვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და სოციალური მღელვარება, რომელიც თბილისის ღამის კლუბებში შეჭრას მოყვა. დაწყებული საპროტესტო აქციების ესკალაცია გახლდათ ის, რომ ქალაქის მთავარი გამზირი დავიკავეთ არამხოლოდ მშვიდობიანმა მანიფესტანტებმა, არამედ სრულიად უკონტროლო და კანონგარეშე მოქმედმა ფაშისტურმა ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა. ხელისუფლებას დასჭირდა უპრეცედენტო ძალის გამოყენება იმისთვის, რომ რამდენიმე ასეული დესტრუქციული მოქალაქე, რომლებიც ხეებსაც კი გლეჯდნენ, შეეკავებინათ. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირება აცილებული იქნა აქციის ორგანიზატორთა ღირსეული, პასუხისმგებლიანი საქციელით - დემონსტრაციის დროებით შეწყვეტით.

     ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს უპრეცედენტო მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოსა და იმ ფაშისტურ დაჯგუფებებს, რომლებზეც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თანამშრომლობენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მტრის - რუსეთის სპეცსამსახურებთან.

     გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ წლის 17 მაისს ეს ძალები უპრეცედენტო მობილიზაციით ემზადებიან ქალაქში არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების მოსაწყობად. ამას ამყარებს ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად შევეცადეთ მათი დაგეგმილი აქტივობები არც დროში და არც ლოკაციაში არ დაგვემთხვია ჩვენი აქციისთვის, ცნობილი გახდა, რომ მათ აქტივობების დრო და ლოკაციები გადმოწიეს და ზუსტად დაამთხვიეს ჩვენს აქციას, რაც ბოლოდროინდელი მოვლენების, საერთო დაძაბულობისა და მღელვარების ფონზე აძლიერებს არეულობისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს, რასაც შეიძლება გაუთვლელი დამანგრეველი შედეგი მოჰყვეს ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას უახლოესი წარსულიდან, 90-იანი წლებიდან, კარგად ახსოვს, რა შედეგებამდე მივყვავართ საზოგადოებაში ქსენოფობიისა და მტრობის გაღვივებას. ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ სამოქალაქო ომში ჩათრეული ჩვენი ქვეყანა.

     სწორედ ამიტომ: ვაცნობიერებთ რა ყველა არსებულ და რეალურ საფრთხეს, ჩვენ, ლგბტ აქტივისტებმა მივიღეთ ჩვენთვის უმძიმესი, ერთობლივი და კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, ამ ჯერზე დავთმოთ ჩვენი თავისუფალი თვითგამოზატვის კონსტიტუციური უფლება და გავაუქმოთ 17 მაისს დაგეგმილი მშვიდობიანი აქცია საქართველოს კანცელარიასთან, რათა ხელი არ შევუწყოთ დაინტერესებულ ძალებს არეულობის მოწყობაში.

     2013 წლიდან დღემდე, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ხუთ წლიანი ვადა იმისთვის, რომ ეზრუნათ და ემუშავათ ქვეყანაში არსებული ჰომოფობიისა და უთანასწორო სოიალური გარემოს აღმოსაფხვრელად, თუკი მათ ეს ნამდვილად სურდათ. ამის ნაცვლად ჩვენ სახეზე გვაქვს ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის უდიდესი საფრთხის შემცველი, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე ძალების უპრეცედენტო გაძლიერება. ხელისუფლების მიერ ერთი შეხედვით წინ გადადგმული საკანონმდებლო ნაბიჯები, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონი, მეტწილად ქმედითუუნაროა და ატარებს ფასადურ ხასიათს. მეტიც, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები თავისი განცხადებებით მუდმივად ხელს უწყობენ საზოგადოებაში ჰომოფობიის, ქსენოფობიისა და შუღლის გაღვივებას.

     ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება, ოპოზიცია და სხვა პოლიტიკური ძალები ყოველდღიურ რეჟიმში ფიქრობდნენ და მუშაობდნენ ჩვენი, საქართველოს საზოგადოების წინაშე არსებული უმწვავესი პრობლემების: უმუშევრობის, სიღარიბის, განათლების სისტემის უფუნქციობის, ჰაერის მომაკვდინებელი დაბინძურებისა თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, სახეზე გვაქვს საზოგადოებაში მტრობის გაღვივების მუდმივი მცდელობა, რათა ყურადღების გადატანა მოხდეს რეალური პრობლემებიდან - არარსებულ მტრის ხატებზე. მეტიც, მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ფაშისტური ჯგუფების გაძლიერება სწორედ სახელმწიფოს გულგრილი და უპასუხისმგებლო სოციალური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.
 
     მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიაზროს საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა საზოგადოებაში არსებული ულტრამემარჯვენე, რადიკალური ძალადობრივი ჯგუფების ფორმირებაში, ასევე, დაინტერესდეს მათი პოლიტიკური მიზნებითა და დაფინანსების წყაროებით.

     მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ საზოგადოების დაქსაქსვის მათთვის ნაცადი მეთოდები, რომელსაც ძალაუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად იყენებენ. დათმონ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესები - ამ ეტაპზე საზოგადოებრივი სიმშვიდის, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის.

     მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოსა და ფაშისტურ დაჯგუფებებს, შეწყვიტონ საზოგადოებაში შუღლის გაღვივება და სამოქალაქო დაპირისპირების წარმოქმნის მცდელობა.

     რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვუწოდებთ ლგბტ თემს, ჩვენს გულანთებულ მხარდამჭერებსა და მეგობრებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს დებსა და ძმებს, არ მივცეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებს ჩვენით მანიპულირების, ერთმანეთთან გადაკიდებისა და რეალურ პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად, ერთმანეთთან მტრობაში დროის ხარჯვის უფლება. ჩვენ არავისთან გვაქვს გასაყოფი რამე, ჩვენ არ ვართ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების მტრები, ჩვენ ამ ქვეყნის წინსვლის, განვითარებისა და მშვიდობიანი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების შენების მომხრე ადამიანები ვართ.

     მადლობას ვუხდით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ჩვენთან ერთად სჯერა, რომ საზოგადოებრივი სიმშვიდე და თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა ჩვენი უპირველესი ამოცანაა."- აღნიშნულია განცხადებაში.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно