კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო


     თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილიდან სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

     მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო. დედაქალაქის მერის თქმით, გზის კაპიტალური აღდგენის სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

     „აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. ეს არის, დაახლოებით, ოთხკილომეტრიანი მონაკვეთი. ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი გზა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ამჟამად, აქ შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ცენტრალური გზის კაპიტალური რეაბილიტაციის დასრულებამდე, ადგილობრივ მცხოვრებლებს დროებით ამ გზით მოუწევთ გადაადგილება. პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით, სამი მილიონი ლარი დაიხარჯება", - განაცხადა კახა კალაძემ.

     სამუშაოების ფარგლებში, ამ ეტაპზე, დაზიანებული ასფალტის დემონტაჟი, ახალი საფარის დასაგებად საფუძვლის მომზადება და დროებითი შემოვლითი გზების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი ასევე, ითვალისწინებს ორი ავარიული ხიდის რეაბილიტაციას, რისთვისაც სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი შემოვლითი გზები მოეწყობა.

     სამშენებლო არეალი კახეთის გზატკეცილიდან იწყება და მგელაძისა და იორის ქუჩების გავლით, სოფელ ნასაგურში, აფხაზეთისა და მაჩაბლის ქუჩებთან სრულდება. სოფელ ნასაგურამდე მისასვლელი დროებითი გზების მოწყობის მიზნით, 2.5 კილომეტრზე ბეტონის კიუვეტები მოეწყობა და საერთო ჯამში, 25 000 მ2 ასფალტის საფარი დაიგება.

     სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც 2018 წლის ნოემბერში დასრულდება, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენკო" აწარმოებს. რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 878 452 ლარი დაიხარჯება.

     თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და სამგორის რაიონის გამგებელი კახაბერ გულედანი იმყოფებოდნენ.


скачать dle 11.0фильмы бесплатно