1121 წლის 12 აგვისტოს ქართველებმა, დავით აღმაშენებლის მეთაურობით, თურქ–სელჩუკები სასტიკად დაამარცხეს


     საქართველოში 12 აგვისტოს დიდგორობის დღესასწაული აღინიშნება. 1121 წლის 12 აგვისტოს დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე მოხდა ბრძოლა.
 
     იმდროინდელი საერთაშორისო ვითარება თურქ-სელჩუკებსა და საქართველოს სახელმწიფოს აშკარად უპირისპირებდა ერთმანეთს. ყველაფრიდან ცხადი იყო, რომ ეს ძლიერი წინააღმდეგობა დღეს თუ ხვალ იარაღით უნდა გადაწყვეტილიყო. მაგრამ საიმდღისო ამოცანად იგი საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ განდევნილ და შევიწროებულ თურქთა და ქალაქების — თბილისის, დმანისისა და განჯის თავკაცთა ელჩობამ აქცია. ამან დააჩქარა კოალიციური ლაშქრის შექმნა და დიდგორის ბრძოლაც. ყველა ძველი ისტორიკოსის (დავითის ისტორიკოსი, მათე ურჰაელი, ალ-ფარიკი) მოწმობით, დავითის მიერ აწიოკებულმა თურქმანებმა და აღნიშნული ქალაქების მმართველი ზედაფენის წარმომადგენლებმა მწუხარების ნიშნად შავად ხელპირშეღებილებმა, ტანსაცმელშემოფლეთილებმა და თავზე ნაცარდაყრილებმა გადაწყვიტეს „მათ ზედა მოწევნულნი ყოველნი ჭირნი" მოეთხროთ და დახმარება ეძიათ ძლიერ მაჰმადიან მფლობელებს შორის. ეს ელჩობა, დავითის ისტორიკოსის ცნობების მიხედვით, 1121 წლის აპრილ-მაისში შემდგარა.
 
     არ არსებობს არავითარი ცნობა იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლება ამ გადამწყვეტი ბრძოლისათვის, მაგრამ, ცხადია, მას არ გამოეპარებოდა სულთნასა და სხვა მაჰმადიან მფლობელთა მიერ მთელი 4-5 თვის მანძილზე გატარებული ღონისძიებანი. ამიტომაც იყო, რომ დავით აღმაშენებელი და მისი ლაშქარი სავსებით მზად იყო ბრძოლის მისაღებად.

     გოტიეს სიტყვით, „მეფე დავით ოთხმოცი ათასი... მეომრით.... იდგა ერთ ხეობაში - ორს მთას შორის მდებარე დაბურულ ტყეში". როგორც მტრის, ისე ქართველთა ლაშქრის რაოდენობა გოტიეს გაზვიადებულად უნდა ჰქონდეს მოცემული. ამ მხრივ უფრო სარწმუნო ჩანს სომეხი ისტორიკოსი მათე ურჰაელი, რომელიც არა მარტო ლაშქრის რაოდენობის, თვით მისი შემადგენლობის შესახებაც ფრიად საინტერესო ცნობებს იძლევა. დავით მეფე, წერს მათე ურჰაელი, ბრძოლის ველზე „მივიდა თურქთა ჯარების წინააღმდეგ ორმოცი ათასი ძლიერი და გულადი კაცით და გამოცდილი მეომრით. მას ჰყავდა სხვა ჯარებიც ყივჩაღთა მეფისაგან, თხუთმეტი ათასი გულადი და რჩეული, ხოლო ალანთა ტომისაგან ხუთასი კაცი და ფრანგი ასი". ასე, რომ დავით აღმაშენებლის ლაშქრის რაოდენობა, ამ ცნობის მიხედვით, 56 000-იც კი არ ყოფილა.

     ყურადღებას იქცევს თვით ლაშქრის შედგენილობა; როგორც ჩანს, მეომართა ძირითადი ნაწილი მეფეს საკუთრივ ქართველებისაგან შეუდგენია: ორმოცი ათასი ძლიერი და გამოცდილი მოლაშქრე „სამეფო სპის" ნაწილს შეადგენდა და ცხადია, საკუთრივ ქართველებისაგან იყო შედგენილი. მიუხედავად იმისა, რომ დავით აღმაშენებელს ყივჩაყთა 40 000-იანი მუდმივი ლაშქარი ჰყავდა, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში მას მხოლოდ 15 000 ყივჩაყი გამოუყვანია და ეს შემთხვევითი არ იყო. როგორც ჩანს, მეფე ძირითად საყრდენ ძალად ისევ „სამეფო სპას", ქართველთა ლაშქარს თვლიდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთ გადამწყვეტ ბრძოლასთან ჰქონდა საქმე. თურქთა წინააღმდეგ მართლაც მხოლოდ რჩეული, უკვე ყოველმხრივ მისანდობ ყივჩაყთა გამოყვანა თუ შეიძლებოდა.

     საქართველოს ლაშქრის მესამე ნაწილს „როქის სპას", ალანთაგან (ოსთაგან) დაქირავებული ჯარი შეადგენდა. შემთხვევითი არ იყო ხუთასი ოსი მოლაშქრის დაქირავება და საამისოდ თანხის გაღება მაშინ, როცა მეფეს რეზერვში ოცდახუთი ათასი მუდმივი მოლაშქრე ყივჩაყი ჰყავდა. ესეც, ცხადია, დავითის სათანადო ტაქტკური გეგმის მიხედვით იყო გაკეთებული და გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა.

      მოულოდნელმა თავდასხმამ ერთხანს დააბნია მტერი. ამავე დროს, საქართველოს ლაშქარმა მტრის ფლანგებს ორი მხრიდან შეუტია. ლაშქრის ერთი ნაწილი თვით მეფის სარდლობით ნიჩბისის ხევით, ალ-ფარიკის ცნობით დასავლეთიდან უტევდა მტერს, ხოლო დიდგორის ერთ-ერთი მხრიდან დემეტრე უფლისწული დაეშვა თავისი ლაშქრით და მთის ძირში საომრად განლაგებულ თურქ-სელჩუკთა ლაშქარს შეუტია.[20] „იქმნა სასტიკი ბრძოლა ორი მთის შორის, ისე რომ ლაშქართა საშინელი ხმაურისაგან ეს მთებიც იძახოდნენო (ხმაურობდნენო)" – წერს მათე ურჰაელი. როგორც კი ბრძოლა შენივთდა, შეიკრა და გამარჯვების სასწორი ქართველთა მხარეს გადაიხარა, მტრის ლაშქრის დიდმა ნაწილმა ზურგი შეაქცია ბრძოლის ველს. შემთხვევითი არ არის, რომ დავითის ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ „პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი და სივლტოლად მიდრიკნა იგინი"-ო. ასევე წერს მათე ურჰაელიც, ბრძოლის შეკვრისას [ქართველებმა] გააქციეს თურქთა მთელი ჯარიო.

     დავითის ისტორიკოსის მიხედვით, ეს სისხლისმღვრელი ბრძოლა მხოლოდ სამ საათამდე გაგრძელდა. იგი წერს: „მეფისა დავითისი ესოდენთა (ასე მრავალრიცხოვან მოლაშქრეთა) მიმართ წინა-განწყობაჲ (შტევა) სამ ჟამადმდე იყო (სამ საათამდე გაგრძელდა) და ვერცა პირველსა კუეთებასა (შეტაკებას) შეუძლეს წინა-დადგრომად"-ო.

     თურქ-სელჩუკთა დამარცხებულმა ლაშქარმა დიდი ზარალი ნახა. მათე ურჰაელის სიტყვებით, „იმ დღეს იქნა სასტიკი და საშინელი ამოწყვეტა თურქთა ჯარებისა და აღივსნენ გვამებით მდინარენი და მთათა ხევები და ყოველნი მთათა ქარაფნი დაიფარნენ" მტრის გვამებითო. მაჰმადიანთა ლაშქრის დიდი ნაწილის ამოწყვეტის შესახებ მიუთითებს ალ-ფარიკიც: „მოიკლა მუსლიმანთაგან უთვალავი რაოდენობა და დარბეულ იქნენო". იბნ ალ-ასირის სიტყვებითაც „მაჰმადიანთა ლაშქრის უმეტესობა დაიღუპა ბრძოლის ველზე". „აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითაო," — წერს დავითის ისტორიკოსიც; დახოცილთა შორის, მისივე სიტყვით, იყვნენ „სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისანი". მაჰმადიან მოლაშქრეთა დიდი ნაწილი კი ტყვედ ჩაიგდეს ქართველებმა.

     დიდგორის ველზე მტრის კოალიციური ლაშქრის დამარცხების, მისი საკმაოდ ხანგრძლივი დევნისა და საბოლოოდ განადგურების შემდეგ, დავით აღმაშენებელს გზა გაეხსნა თბილისისაკენ. დიდგორის ბრძოლაში მეფემ დაამარცხა არა მარტო თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარი, არამედ იმ ქალაქების დამოუკიდებლობაცა და გაერთიანებაც, რომლებიც საქართველოში კოალიციურ ლაშქარს იწვევდნენ დავითის წინააღმდეგ. დიდგორის ველზე არსებითად გადაწყდა თბილისის, დმანისისა და სხვა ქალაქთა ბედიც, იწყებოდა მათი დამოუკიდებლობის აღსასრული. მას შემდეგ, რაც საქართველოს ქალაქების კავშირმა (თბილისმა და დმანისმა) ასეთი დიდი ომი გაუმართა სამეფო ხელისუფლებას, დავითი სავსებით დარწმუნდა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ დამოუკიდებელი ქალაქები უბრძოლველად არ დასთმობდნენ პოზიციებს და მათ კიდევ ახალი დამხმარე ძალების მოწვევა რომ არ ეცადათ, მეფემ გეზი პირდაპირ თბილისისაკენ აიღო. ასე რომ, 1122 წელს თბილისის, ხოლო 1123 წელს დმანისის აღება, არსებითად, სწორედ დიდგორის ბრძოლის გაგრძელებას წარმოადგენდა.

     დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში, ამასთანავე, საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.




скачать dle 11.0фильмы бесплатно