დღეიდან თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციები შედის ძალაში – რა შემთხვევაში დაჯარიმდება გამყიდველი?


     „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის თანახმად, დღეიდან, 2018 წლის პირველი სექტემბრიდან თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციები შედის ძალაში. თამბაქოს ნაწარმის გამყიდველი დაჯარიმდება იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა თამბაქოს რეალიზაციისა და განთავსების წესები:

      აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან. დარღვევაზე ჯარიმა 2 000 ლარი, განმეორებისას კი 4 000 ლარია.

     ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელა, საფერფლე და პორტსიგარა, რომელზეც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან დასახელება; ასევე, აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან მოწყობილობის რეალიზაცია და განლაგება.

     დღეიდან, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალო მიწოდებით – ე.წ. დრაივ თამბაქო. დარღვევაზე ჯარიმა 2 000 ლარი, განმეორებისას კი 4 000 ლარია.

     აკრძალულია თამბაქოს ღერებით ან შეფუთვის გარეშე რეალიზაცია – ჯარიმა 150 ლარი, განმეორებისას კი 300 ლარია.

     ამასთან, აკრძალულია სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს რეალიზაცია – ჯარიმა 200 ლარი, განმეორებისას კი 400 ლარია.

     აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია 18 წლამდე პირებზე – ჯარიმა 150 ლარი, განმეორებისას კი 300 ლარია.

     აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია სავაჭრო ობიექტის საბავშვო სექციაში – ჯარიმა 200 ლარი, განმეორებისას კი 400 ლარია.

     იკრძალება ელექტრონული ან მექანიკური აპარატით თამბაქოს რეალიზაცია – ჯარიმა 200 ლარია, აპარატში არსებული ნაწარმის კონფისკაციით, განმეორებისას კი 400 ლარი, ასევე აპარატში არსებული ნაწარმის კონფისკაციით.

     აკრძალვა ეხება ინტერნეტით ან ფოსტით თამბაქოს რეალიზაციასაც – ჯარიმა 2 000 ლარი, განმეორებისას კი 4 000 ლარია.

     აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, შეთავაზება, დარიგება ან გათამაშება. სავალდებულოა ობიექტში კანონით დამტკიცებული გაფრთხილების განთავსება – ჯარიმა 200 ლარია, განმეორებისას კი 400 ლარი.

     ცვლილებებია თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასა და დიზაინში – პირველი სექტემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული თამბაქოს ნაწარმი ექვემდებარება შეფუთვისა და დიზაინის კანონით დადგენილ სტანდარტებს, რაც გულისხმობს ძირითადი და დამატებითი სამედიცინო გაფრთხილებების დატანას თამბაქოს ნაწარმის თითოეულ ყუთსა და კოლოფზე. თამბაქოს ნაწარმის შეფუთვისა და დიზაინის წესები დადგენილია „თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლითა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 იანვრის #14 დადგენილებით (დადგენილება სრულად ამოქმედდება 2019 წლის პირველი იანვრიდან).

     ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რომლის ცხელი ხაზიცაა – 2 299 299.

     ამასთან, დღეიდან, პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებას და სახელმწიფო-საჯარო მოსამსახურეებს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მომზადების, მიღებისა და შესრულების სფეროში თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მათთვის თამბაქოს წარმოებასთან და თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებით ეფექტიანი რეგულირების შესაძლებლობის მისაცემად. თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირებთან ურთიერთობის აუცილებლობის შემთხვევში, აღნიშნულმა პირებმა მათთან სახელმწიფოს ურთიერთობა უნდა წარმართონ გამჭვირვალედ, საჯარო განხილვების, ამ ურთიერთობის შესახებ საჯარო შეტყობინებისა და შემუშავებული დოკუმენტების საზოგადოებისთვის გაცნობის საშუალებით. აღნიშნულ ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно