ლევან იზორიამ ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა


     „ჩვენს განვითარებას ვხედავთ იმ საფუძველში, რომელსაც თავდადებით, სიმტკიცითა და მხედრული ტრადიციების გაგრძელებით, თქვენ ჩაუყარეთ სათავე, როდესაც ქართულ შეიარაღებულ ძალებს ქმნიდით,"- ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვეტერანის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა. ლევან იზორიამ ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა და სამშობლოს სამსახურისთვის თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა.
 
     „ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. მინდა, როგორც ჩემი, ასევე ქართული შეიარაღებული ძალების მხრიდან უდიდესი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მთავრობისა და, უშუალოდ თავდაცვის უწყების პოლიტიკა, ვეტერანებთან მიმართებაში, სწორედ, ჩვენ წინაშე არსებული ვალდებულებისა და მადლიერების გამოხატულებაა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქედი მოვიხარო დაღუპული გმირების წინაშე", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ლევან იზორიამ ვეტერანებთან რეზერვის ახალ კონცეფციაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნულ პროექტში ვეტერანების როლი გადამწყვეტია.
 
     „ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ რეზერვის ახალი კონცეფცია, რომელიც ვეტერანების აქტიური ჩართულობით შემუშავდა. 19 ოქტომბერს გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ რეზერვის ახალი პროქტი, სადაც ვეტერანების როლი გადამწყვეტია. თქვენმა ჩართულობამ და აქტიურობამ მოგვცა პირველი წარმატებები, რაც რეზერვში გაწევრიანების მაღალი ინტერესით გამოიხატება. სწორედ, ერთობლივ ძალისხმევაზე იქნება დამოკიდებული ამ პროექტის წარმატება", - განაცხადა ლევან იზორიამ.

     ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, გამართულ ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე, გენერალი გია ყარყარაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

     საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ", რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.
 
 
 
 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно