საზღვარგარეთ ციხეში უამრავი ქართველი იმყოფება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღმოიფხვრას ეს უარყოფითი მხარეები – ილია მეორე


     უცხოეთში მრავალი ქართველი დღეს იმყოფება ციხეში ქურდობისთვის ან სხვა უარყოფითი საქმისთვის, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღმოიფხვრას ეს უარყოფითი მხარეები, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
    ილია მეორის თქმით, სავიზო რეჟიმი გაიოლდება, „თუ ქართველები კარგად მოიქცევიან".

    „გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის სახელით. დღეს ჩვენს წინაშე დგას მნიშვნელოვანი საკითხი – რა მონაწილეობა უნდა მიიღონ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოს განვითარებაში. უნდა ითქვას, რომ მათი მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ბევრს აკეთებენ საქართველოსთვის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მრავალი მეცნიერი, მრავალი ადამიანი ემსახურება საქართველოს და იმედია, რომ ეს მათი მოღვაწეობა იქნება მეტად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ არის უარყოფითი მხარეებიც. მრავალი ქართველი ადამიანი დღეს იმყოფება ციხეში ქურდობისთვის ან სხვა უარყოფითი საქმისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღმოიფხვრას ეს უარყოფითი მხარეები.

     ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დიასპორის მოქმედება, საქმიანობა ბევრად იმოქმედებს სავიზო რეჟიმზე. სავიზო რეჟიმი გაიოლდება, თუ ჩვენი ქართველები კარგად მოიქცევიან. იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება.

     გულითადად მივესალმები უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს ქართველებს. მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკლესიებს, ტაძრებს რომელიც ჩვენ გავხსენით უცხოეთში. ყოველ ეკლესიასთან არის შექმნილი საკვირაო სკოლა, სადაც ასწავლიან ქართულ ენას, ლიტერატურას, ისტორიას, სადაც ასწავლიან ქართულ ტრადიციებს. მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, რომ გავუადვილოთ ჩამოსვლა ქართველ ადამიანებს სამშობლოში. ყველას ვლოცავ დალოცვილი იყავით შინ და გარეთ. ჩვენთან არს ღმერთი",- განაცხადა პატრიარქმა.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно