მცხეთაში საპატრულო პოლიციის შენობა და ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა


     შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ, სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, მცხეთაში საპატრულო პოლიციის განახლებული შენობა და ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნეს.

     შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის შენობა თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

     შენობა აღიჭურვა ახალი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით. განახლებულია როგორც შენობის ინტერიერი, ასევე, გარე პერიმეტრი.

     შენობაში მოწყობილია დასაკითხი და ნივთმტკიცების ოთახები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები. ნაგებობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. პატრულ-ინსპექტორებისთვის მოეწყო მოსასვენებელი ოთახები.

     ამავე შენობაში განთავსდა ერთიანი მომსახურების ცენტრი.

     თბილისისა და რუსთავის შემდეგ, მცხეთა მესამე ქალაქია, სადაც მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს „ერთი სარკმლის" პრინციპით მიიღებს, მათ შორის: მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობა და სხვ.

     საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით. განახლებულ შენობაში საპატრულო პოლიციის 32 თანამშრომელი იმუშავებს.

     მცხეთის ერთიანი მომსახურების ცენტრში დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა, რაც გამორიცხავს განცხადებებისა და საჩივრების ხელით შევსების აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას.

     მომსახურების ცენტრში, ასევე განთავსებულია „ლიბერთი ბანკის” ფილიალი, სადაც მოქალაქეები შეძლებენ ჯარიმების გადახდას.

     შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, გარდა უსაფრთხო საგზაო მოძრაობისა, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, ნაკლები დროის დანახარჯით, კომფორტულ გარემოში ისარგებლოს სამინისტროს სხვადასხვა მომსახურებით.

     შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთიანი მომსახურების ცენტრის რეგიონული კომპონენტის დანერგვით საგრძნობლად იზრდება საპოლიციო სერვისების მიწოდების ეფექტიანობა და მცირდება სასურველი მომსახურების მიღების დრო.
скачать dle 11.0фильмы бесплатно