სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა


     საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკრაინაში, მრავალეროვნულ სწავლებაში Sea Breeze 2020 მონაწილეობა მიიღეს.

     საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საზღვაო წვრთნებში სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდი „დიოსკურია" (P25) მონაწილეობდა.

     „ყოველწლიური საზღვაო სწავლება Sea Breeze უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებით შავ ზღვაზე იმართება. მისი მიზანია მონაწილე ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება და რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა", – აღნიშნავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

    მათივე ცნობით, წელს ერთობლივ წვრთნებში რვა ქვეყნის – ბულგარეთის, საქართველოს, ნორვეგიის, რუმინეთის, ესპანეთის, თურქეთის, უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო დანაყოფების 2 000-ზე მეტი მოსამსახურე, 27 მცურავი საშუალება და 19 საფრენი აპარატი მონაწილეობდა.

    „კორონავირუსის (covid-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სწავლება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ერთობლივი წვრთნები არ ითვალისწინებდა ეკიპაჟების უშუალო კონტაქტს და მოიცავდა მხოლოდ საზღვაო და საჰაერო კომპონენტებს", – აღნიშნავენ შსს-ში.

     SEA BREEZE უკრაინაში წელს მეოცედ გაიმართა. ქართული მხარე სწავლებაში პირველივე წლიდან მონაწილეობს.

скачать dle 11.0фильмы бесплатно