4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა


     4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს დაბადების დღეა.

     ილია მეორეს (ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი) დაბადებიდან 88 წელი შეუსრულდა.

     ის 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. მან 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა დაამთავრა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1960 წელს დაასრულა. 1957 წლის 16 აპრილს თბილისში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და სახელად ილია უწოდეს. 1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ მეორემ ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხა, 1967 წლიდან კი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრად გადაიყვანეს, რომელსაც 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

     1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V გარდაცვალების შემდეგ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ, ხოლო 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400წწ).

     პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი. ხოლო დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 47 მღვდელმთავარი. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно