,,რეფორმები, რომლებსაც ენერგეტიკაში გავატარებთ, მნიშვნელოვანია და ბაზრის სრულ ლიბერალიზაციას გამოიწვევს" - ქუმსიშვილი


     საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს თბილისში სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სამიტი გახსნა. ღონისძიებაში ქართული მხარის გარდა მონაწილეობენ აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

     სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული სამიტი მაღალი დონის პოლიტიკური დისკუსია, რომელიც განიხილავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე აქტიური ენერგეტიკული თანამშრომლობის დადებით შედეგებს. მიმდინარე ფორუმზე განიხილება სამხრეთ კავკასიის რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და კავშირების განვითარების საკითხები, ასევე რეგიონული ენერგეტიკული კავშირების გაუმჯობესების გზები, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება და ბუნებრივი აირის/ელექტროენერგიის მიწოდების მდგრადობა.

     დიმიტრი ქუმსიშვილმა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აქცენტი გააკეთა რეგიონალურ თანამშრომლობაზე, რაც ითვალისწინებს როგორც ტექნიკურ, ასევე მარეგულირებელ საკითხებს და დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიისა და სამეზობლო ქვეყნებისთვის ენერგეტიკული მდგრადობის უზრუნველსაყოფად. „სამხრეთ კავკასიის მაღალი დონის დიალოგი „ევროპა ენერგეტიკისთვის" - ეს არის პლატფორმა, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ჩვენი ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ასევე ვსაუბრობთ ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ. ამ პლატფორმის მთელი შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკული ბაზრები არის მცირე და შესაბამისად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვექნება ერთმანეთთან კარგი კავშირები და ჰარმონიზებული კანონმდებლობა, ინვესტორები უფრო თამამად განახორციელებენ ინვესტიციებს ჩვენი ქვეყნების ენერგეტიკულ ბაზრებზე. შესაბამისად, საბოლოოდ მომხმარებელი უფრო კონკურენტუნარიანი ფასით მიიღებს ენერგომატარებლებს, მათ შორის ელექტროენერგიას", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно