დღეს მერაბ კოსტავა 79 წლის გახდებოდა


      ეროვნული მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი მერაბ კოსტავა დღეს 79 წლის გახდებოდა.     
 
     მერაბ კოსტავა დაიბადა თბილისში 1939 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მისი მშობლები ოლღა დემურია და ვანო კოსტავა კულტურული და განათლებული ოჯახებიდან იყვნენ.

     მერაბი ძირითადად ბებია-ბაბუასთან ვლადიმერ დემურიასთან და ლუბა გოგავასთან იზრდებოდა, ვლადიმერ დემურია ცნობილი მასწავლებელი იყო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს პედაგოგიკასა და რუსულ ენას უკითხავდა.მერაბს და ან ძმა არ ჰყოლია. თავიდან თბილისის ვაჟთა მე-7 სკოლაში შემდეგ კი პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდა.
 
      1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). იგი მეტად ნიჭიერი და ბეჯითი მოწაფე იყო. ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისათვის. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

     მერაბ კოსტავა — მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა — სწავლას იწყებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში, რომელსაც ამთავრებს 1958 წელს და სწავლას აგრძელებს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობს მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში" რედაქტორი.

     საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.

    მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს ორი პრემია — დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირისა.

     დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно