ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და ქართველ ხალხს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავს.
ტრამპის წერილს პრემიერ–მინისტრის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
"ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო!
პირადად თქვენ და ქართველ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობისა და პირველი რესპუბლიკის საუკუნოვან იუბილეს. საქართველო უძველესი და ულამაზესი ისტორიის მქონე შესანიშნავი ქვეყანაა. მას ბევრჯერ შეუტანია წვლილი დასავლურ კულტურაში - მათ შორის, მუსიკაში, არქიტექტურასა და კულინარიაში.
თქვენი ჯარისკაცები გაბედულად იბრძვიან და თავს სწირავენ ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთსა და ერაყში.
ამერიკის შეერთებული შტატები განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
ჩვენს ორ დიდებულ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების პირობებში ველი ჩვენი ერების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობათა გამოვლენასა და გამოყენებას", - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.