,,პირველი, რაც ტექნიკურ ინსპექტირებასთან ერთად უნდა გაკეთდეს, აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს ძველი ავტომანქანების შემოყვანა"–კალაძე


     თბილისის მერმა კახა კალაძემ მონაწილება მიიღო კონფერენციაში, სახელწოდებით „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შეფასების თაობაზე კონსენსუსის მშენებლობა".

     კონფერენციაზე შეფასდა საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესის მიმდინარეობა, პირველადი შედეგები და სამომავლო ნაბიჯები.

      კახა კალაძის განცხადებით, არსებული ეკოლოგიური პრობლემის დაძლევა რეფორმების განხორციელებას საჭიროებს, რომელიც შესაძლოა მტკივნეული იყოს, ამიტომ, ამ პროცესში მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა.

      „ამ მიმართულებით ჩატარებული ყველა კვლევა კრიტიკულია. ჩვენც ჩავატარეთ კვლევა, რომლის წარმოდგენასაც ვაპირებთ და ვაჩვენებთ საზოგადოებას, თუ როგორ გარემოში ვცხოვრობთ. ვფიქრობ, თუ არ იქნება გარკვეული რეფორმები განხორციელებული და გარკვეული ნაბიჯები გადადგმული, შეუძლებელი იქნება არსებული მდგომარეობის გამოსწორება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის როლი და ჩართულობა, რომ ყველამ ერთად შევცვალოთ მდგომარეობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

      მისი თქმით, თბილისის მერია გეგმავს სატრანსპორტო პოლიტიკის წარდგენას, სადაც ასახული იქნება არსებული მდგომარეობის გამოსწორების გრძელვადიანი ხედვა და ღონისძიებები.

     „სრული კატასტროფაა, რაც თბილისში ხდება. დაახლოებით 500 ათასზე მეტი ავტომანქანა გადაადგილდება დედაქალაქში. ყოველწლიურად 7 პროცენტით იზრდება უცხოეთიდან შემოყვანილი ავტომანქანების მაჩვენებელი და მათი 98% ძველია. სამწუხაროა, რომ სოციალურ ქსელში, ძირითადად, ყვითელი ავტობუსების ფოტოსურათებს აზიარებენ, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. ჩვენი ავტობუსების რაოდენობა დაახლოებით 600-650 ერთეულია, აქედან 143 ახალია, დანარჩენი ძველი. ყვითელი ავტობუსების პარკი კრიტიკას ვერ უძლებს, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. ამიტომ, ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს მე ვამბობდი, რომ ჩემი მერობის პირობებში პარკი მთლიანად ჩანაცვლდებოდა ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე ავტობუსებით და ეს ნამდვილად ასეც მოხდება - ჩავანაცვლებთ ყვითელ ავტობუსებს, ეს პრობლემა არ იქნება, მაგრამ გვრჩება უფრო სერიოზული პრობლემა - კერძო ავტომანქანები, რომლის 90 პროცენტზე მეტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. თანაც კატალიზატორებს იღებენ, რომელიც, შეიძლება ითქვას, ფილტრია გამონაბოლქვისთვის და ყიდიან. მე მგონია, პირველი, რაც ტექნიკურ ინსპექტირებასთან ერთად უნდა გაკეთდეს, აუცილებლად უნდა ჩაიკეტოს ძველი ავტომანქანების შემოყვანა. ამან შეიძლება გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს, მაგრამ ჩვენ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ. საქმე ეხება თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

     როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ძველი ავტომანქანების საკითხი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად განიხილება და გადაწყდება, როგორ მოხდება მისი დარეგულირება.

     დედაქალაქის მერმა მერიის სამსახურებს და დაქვემდებარებულ უწყებებს უკვე დაავალა სახელმწიფო ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება და მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მათი ექსპლუატაციიდან ამოღება.

     კონფერენციის ფარგლებში ორგანიზაციამ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეებისათვის საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას ტექნიკური ინსპექტირების საჭიროებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კვლევით ორგანიზაცია „ჯეოველთან" თანამშრომლობით, 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერსა და 2019 წლის მარტ-აპრილში, თბილისსა და რეგიონებში მდებარე ტესტირების ცენტრებში განხორციელდება ტესტირების პროცესის მონიტორინგი, რის შემდეგაც საზოგადოებას წარედგინება რეფორმის შეფასება და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია, ხოლო მათ აღმოსაფხვრელად მომზადდება რეკომენდაციები.

     კონფერენცია ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩატარდა.

     ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი, USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სუზან კუტორი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე. ღონისძიებას, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно