რატომ ვითარდება შეშუპება და როგორ ვუმკურნალოთ მას?


 

 

     შეშუპება არის ორგანიზმის ქსოვილებსა და ღრუებში ზედმეტი სითხის დაგროვება. ამის ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზია გულის უკმარისობა, როდესაც ვენებსა და კაპილარებში შეგუბებული სისხლიდან სითხე ჭარბი რაოდენობით გაჟონავს ქსოვილებისაკენ და აღარ ხდება მისი უკანვე შეწოვა. ასეთი შეგუბებითი შეშუპების გამო დიდდება ღვიძლი, სივდება ქვედა კიდურები, გროვდება სითხე პლევრის და მუცლის ღრუებში, რამდენიმე კილოგრამით მატულობს სხეულის წონა. ფილტვებში შეშუპება გულის ასთმის სახით გამოვლინდება.


     ორგანიზმში ნატრიუმის შეკავებასთან და სისხლში ცილის რაოდენობის შემცირებასთან არის დაკავშირებული შეშუპება თირკმელების დაავადებების (ნეფრიტი, ნეფროზი, ამილოიდოზი) შემთხვევებში. იგი პირისახიდან იწყება, შეიძლება მთელ სხეულზე გავრცელდეს და ღრუებში სითხის დაგროვება გამოიწვიოს.


     მუცლის ღრუში სითხის დაგროვება ხდება ღვიძლის ციროზის ნიადაგზე. ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის გამო ვითარდება თავისებური ე.წ. ლორწოვანი შეშუპება (მიქსედემა) კანის სიმშრალით და გამკვრივებით.


     შეშუპებას შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივი ხასიათი. მაგალითად, სისხლის შეგუბების შედეგად ვითარდება ქვედა კიდურების შეშუპება ვენების თრომბოზის და თრომბოფლებიტის გამო. ლორწოვანი გარსის და კანქვეშა ქსოვილის გარკვეული უბნების შეშუპებას იწვევს ორგანიზმის ალერგიული რეაქცია.


     ზოგჯერ, უმეტესად ქალებში, გვხვდება ე.წ. ჰიდროპექსიური სინდრომი, როდესაც რაიმე თვალსაჩინო მიზეზის გარეშე, სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანს უვითარდება ქვემო კიდურების შეშუპება.


     შეშუპების მიზეზის დადგენა უნდა მოხდეს ავადმყოფის სამედიცინო გამოკვლევის საფუძველზე. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი   სწორი მკურნალობის ჩატარება, რომელიც მიმართული უნდა იყოს ძირითადი დაავადების საწინააღმდეგოდ. თვითმკურნალობა, მაგალითად შარდმდენის დანიშვნა დეაუშვებელია, რადგან ამას შეიძლება მეტი ზიანი გამოიწვიოს.

 

ანა ქევხიშვილი

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно