პენტაგონმა უკრაინას 200 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. როგორც აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული თანხა დამატებითი წვრთნების ჩატარებას, სამხედრო აღჭურვილობის განახლებას და უკრაინის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას მოხმარდება.
პენტაგონში ამბობენ, რომ 200 მილიონი დოლარის გამოყოფა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ უკრაინის უსაფრთხოებით დაინტერესებულია. 2014 წლიდან დღემდე პენტაგონმა კიევს ერთი მილიარდი დოლარი გადაურიცხა.
ფინანსური დახმარების ახალი პაკეტით გამოყოფილი თანხით დაგეგმილია სამხედრო აღჭურვილობის განახლება, ასევე უკრაინის სამეთაურო შტაბების ფუნქციონირების გაუმჯობესება და სამხედროების მობილურობის გაზრდა.
პენტაგონში ამბობენ, რომ უკრაინელი სამხედროების დახმარება თანხვედრაშია უკრაინის მიერ დამტკიცებულ ეროვნული უსაფრთხოების კანონთან.
„კანონი, რომელიც წარმოადგენს უკრაინის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკანონმდებლო ჩარჩო და არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის სამხედრო ძალების ნატო-ს სტანდარტებთან დასაახლოებლად. ამ რეფორმების გატარება გაზრდის უკრაინის შესაძლებლობას, დაიცვას სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა", – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
წყარო: https://1tv.ge/news/pentagonma-ukrainas-tavdacvisunarianobis-asamaghleblad-200-milioni-ashsh-dolari-gamouyo/