გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.
ანგელა მერკელთან ერთად, გერმანიის დელეგაციაში შედიან: სახელმწიფო მდივანი, სპიკერი შტეფენზაიბერტი; საქართველოში გერმანიის ელჩი ჰაიკე ფაიჩი; საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კანცლერის მრჩეველი იან ჰეკერი; ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველი ლარს ჰენდრიკ როელერი; ევროპული პოლიტიკის საკითხებში კანცლერის მრჩეველი უვე კორსეპიუსი; კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი.
საქართველოში ანგელა მერკელი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. ვიზიტს ის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრით დაიწყებს.
გერმანიის კანცლერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს პირისპირ, ასევე, გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. შეხვედრის შემდეგ კი, ანგელა მერკელი და მამუკა ბახტაძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის პირველივე დღეს არის დაგეგმილი გერმანიის კანცლერის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთანაც, რის შემდეგაც ანგელა მერკელი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
ასევე, 23 აგვისტოს გაიმართება ოფიციალური სადილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელით.
ანგელა მერკელი შეხვედრებს თბილისში ვიზიტის მეორე დღეს, 24 აგვისტოსაც გამართავს, მათ შორის დაგეგმილია გერმანიის კანცლერის შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სწავლება „ღირსეული პარტნიორის" მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან.
ამასთან, გერმანიის კანცლერი საოკუპაციო ხაზთან ჩავა, სადაც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
წყარო: https://1tv.ge/news/saqartveloshi-angela-merkelis-oficialuri-viziti-daiwyo/