„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა. ამის შესახებ ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ მისი კოლეგებიც იგივეს გააკეთებენ.
„ოპოზიციონერ კოლეგებთან ვერ მქონდა კონსულტაცია, რადგან მთელი დღე თქვენთან ერთად ვარ. მე უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი. დაუყოვნებლივ მოვითხოვ, მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს მათთან ჩემი ყოველგვარი კავშირი. არანაირი კავშირი ამ თვითმარქვია დაჯგუფებასთან არ მექნება და ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რათა მოვიპოვოთ გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც იმავეს გააკეთებენ, უბრალოდ, მე ახლა აქ ვარ და აქედან მოგმართავთ თქვენ. ეს განცხადება უკვე რეგისტრირებულია პარლამენტში, გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით და დაუყოვნებლივ, ხვალვე მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მათთან კონტაქტი. მათთან არაფერი მაკავშირებს, არანაირი მანდატი, არანაირი პარლამენტი არ არსებობს. არსებობს ეს თვითმარქვია ორგანო და არსებობთ თქვენ, ძალაუფლება თქვენშია და არა – მათში“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ და აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე ყოფნისთვის მადლობა გადაუხადა.
ვაშაძის თქმით, უკან არ დაიხევენ და ერთობლივი ბრძოლით აუცილებლად მიაღწევენ საბოლოო გამარჯვებას.
„ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის შენობიდან გაიპარა, გაიპარა საკუთარ თვითმარქვია დაჯგუფებასთან ერთად, რომელმაც დღეს საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო საქართველოში. პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არის დღეიდან არა ხელისუფლება, არამედ თვითმარქვია ადამიანების ერთობლიობა, რომელსაც უნდა, მიიტაცოს ეს ქვეყანა, მაგრამ პირობას გაძლევთ, ერთობლივი ბრძოლით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და მივიყვანთ ამ გამარჯვებას ბოლომდე. არცერთი წუთით არ დავიხევთ უკან, ვიბრძოლებთ, რათა საქართველომ გაიმარჯვოს. ეს ბრძოლა, შეიძლება, ცოტა გაგვიგრძელდეს, მაგრამ მერწმუნეთ, არცერთ წამს, წუთს თქვენ ჩვენგან ვერ ნახავთ უკან დახევას. თქვენთან ერთად ბოლომდე მივაწვებით, რომ ეს რეჟიმი ჩამოიშალოს. მერწმუნეთ, აუცილებლად ასე მოხდება. ჩვენ არც წვიმა გაგვაჩერებს, არც ქარი, არც სიცივე და ჩვენი ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ და ვიზეიმებთ ისეთ საქართველოს, რომელიც გინდათ“, – განაცხადა ვაშაძემ.
