მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში - გახარია


     ,,გუშინ ჩატარდა პარლამენტის პირველი უკანონო სხდომა, რომელიც სრულად გავიდა საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. პარლამენტს დღეს არ აქვს არც ქართველი ხალხის, არც საერთაშორისო საზოგადოების და არც სადამკვირვებლო მისიების ლეგიტიმაცია, როგორც შედეგი,  სხდომას არ ესწრებოდა არც ოპოზიცია და არც საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები" - ამის შესახებ პარტია ,,გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა: 

       მისი თქმით, როდესაც არჩევნების კანონიერება სასამართლოშია გასაჩივრებული, პარლამენტის სხდომა ჩატარდა უკანონოდ.

     ნაცვლად იმისა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობაზე არსებულ კითხვებს გასცემოდა პასუხები, მაგალითად გამოექვეყნებინა სიები არჩევნებში მონაწილე მოქალაქეების, „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია.

    კერძოდ - მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნების კანონიერება, გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის სხდომა ჩაატარა სრულად უკანონოდ! შესაბამისად, საპარლამენტო რესპუბლიკაში უკანონოდ აირჩა პარლამენტის თავმჯდომარე და უკანონოდვე აირჩევენ მთავრობას.
ამავე უკანონო პარლამენტმა დღეს, საარჩევნო ვადების უხეში დარღვევით, დანიშნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს.

     როგორც პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა საერთაშორისო ლეგიტიმაციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გარეშე, პრეზიდენტის 29 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციას არ უნდა დაესწროს დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი შეეცდება ეს გამოიყენოს როგორც გაყალბებული არჩევნების, უკანონო პარლამენტის, უკანონო მთავრობის და უკანონოდ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის და აღიარების მისაღებად.


      გიორგი გახარია ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს არ მიიღონ პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში მონაცილეობა.

       ერთპარტიულად, კონსტიტუციის დარღვევით არჩეულ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს არც ხალხის და არც საერთაშორისო საზოგადოების ლეგიტიმაცია. ფაქტობრივად, ამ გზით შეეცდება თავისი ავტორიტარული რეჟიმის გაფორმებას. ამისთვის, ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკრებულოს წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, ოცნების და ნაცების მერე საარჩევნო კოლეგიაში გვაქვს ყველაზე მეტი ხმა, პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში არ მიიღებს მონაწილეობას.


     მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და საკრებულოებში მათ წევრებს, არ მიიღონ მონაწილეობა პრეზიდენტის არჩევის უკანონო პროცესში. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კრიზისის პირველ ფაზაში. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევძლოთ, ქვეყანა არ გადავიდეს კრიზისის კიდევ უფრო მძიმე ფაზებში, რაც უფრო მეტად დააზიანებს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეებს. არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად არც ამ პარლამენტს, არც მის მიერ არჩეულ პრეზიდენტსა და არც მთავრობას არ უნდა ჰქონდეს ლეგიტიმაცია და აღიარება.დღეს ეს არის ერთადერთი და ყველაზე სწრაფი გზა, ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალურ მდგომარეობაში"- წერს გახარია.