მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციები დასრულდა - "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ უკვე განსაზღვრულია არჩევნების დღე - 14 დეკემბერი, ინაუგურაცია კი 29-ში შედგება.
პირველად საქართველოს ისტორიაში, პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შექმნილი საარჩევნო კოლეგია, რომლის ნახევარსაც პარლამენტის დეპუტატები წარმოადგენენ. კოლეგიაში შედიან ასევე თვითმმართველობებისა და აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 1988–1995 წლებში იყო „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი და სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. სხვადასხვა წლებში თამაშობდა ისეთ საფეხბურთო კლუბებში, როგორიცაა: „მანჩესტერ-სიტი“, „გრასჰოფერი“, „ციურიხი“, „ლუცერნი“. მიღებული აქვს შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია და ასევე – უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია. 2009 წელს საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPro) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი გახდა.
