მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაგვიჭირა ჩვენ, ამაზე გაგიჟდნენ - კალაძე


     ,,მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაგვიჭირა ჩვენ. ამაზე გაგიჟდნენ და თავიანთი უცხოელი პატრონებისგან დავალება მიიღეს, დაეწყოთ არჩევნების გაშავება" - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.


     მისივე თქმით, დღეს, ოპოზიციას აქვს იგივე მცდელობა, რაც 2020 წელს, რათა ქვეყანა საკუთარ ხელში ჩაიგდონ და თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ.


     "მიუხედავად იმისა, რომ მთელი საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით და ვაქვეყნებდით შესაბამის კვლევებს, რომლებიც ხალხის განწყობაზე იყო დაფუძნებული, ისინი პირიქით სიცრუეს ავრცელებდნენ. საკუთარ ამომრჩეველს ატყუებდნენ, ვიგებთო. არჩევნების დასრულების შემდეგ, ამომრჩეველი აზეიმეს, "ტაშ-ფანდური" ჰქონდათ გამართული, შამპანურების გახსნით და ჭიქების ჭახა-ჭუხით. შემდეგ გაირკვა, რომ დამარცხდნენ. მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაგვიჭირა ჩვენ. ამაზე გაგიჟდნენ და თავიანთი უცხოელი პატრონებისგან დავალება მიიღეს, დაეწყოთ არჩევნების გაშავება. 26 ოქტომბრის შემდეგ რამდენი სისულელე მოვისმინეთ გაყალბებაზე. თუმცა, ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ დადეს. ამჯერადაც, ისინი "პივიტის" პარალელურ დათვლებს არ აქვეყნებენ და არ აჩვენებენ საზოგადოებას, რადგან ერთი ერთში ემთხვევა არჩევნების რეალურ შედეგს. მცდელობა აქვთ იგივე, როგორც 2020 წელს, მაგრამ დღეს უფრო დიდი მასშტაბებით, რათა ქვეყანაში მოაწყონ გადატრიალება, ხელისუფლება საკუთარ ხელში ჩაიგდონ და თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ", - განაცხადა კახა კალაძემ.