მოვუწოდებ აქციის ყველა მონაწილეს, დარჩნენ მშვიდობიანი დემონსტრაციის ფარგლებში. თითოეულმა მონაწილემ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და არ მიმართოს ძალადობას, რამაც შესაძლოა, დააზიანოს სხვა ადამიანები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ნგანაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბოლო სამი დღის განმავლობაში საზოგადოება აკვირდება, რომ რუსთაველის გამზირე ადამიანთა გარკვეული ჯგუფი შეკრებისთანავე იწყებს ვანდალიზმს, ქონების დაზიანებას და პოლიციელებზე ფიზიკურ ძალადობას.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საპოლიციო ძალები ვალდებული არიან, გამოიყენონ სპეციალური საშუალებები ძალადობის აღსაკვეთად.
"სამი დღეა, საზოგადოება აკვირდება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც სრულად არის ამოვარდნილი მშვიდობიანი პროტესტის ჩარჩოებიდან. ვხედავთ, რომ აქციაზე სათანადო რაოდენობის ადამიანების შეკრების მომენტიდანვე იწყება ძალადობრივი ექსცესები, რომლებიც მალევე გადადის ვანდალიზმში პარლამენტის შენობის მიმართ და ძალადობაში პოლიციელების მიმართ.
მინდა, მოვუწოდო აქციის ყველა მონაწილეს, დარჩნენ მშვიდობიანი დემონსტრაციის ფარგლებში. თითოეულმა მონაწილემ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და არ მიმართოს ძალადობას, რამაც შესაძლოა, დააზიანოს სხვა ადამიანები. ძალადობის აღსაკვეთად საპოლიციო ძალებს მოეთხოვებათ, გამოიყენონ კანონით განსაზღვრული მართლზომიერი ძალა და არ გაადაჭარბონ სპეციალური საშუალებების გამოყენებისას.
სახელმწიფო არის ერთადერთი, ვისაც აქვს დანაშაულის აღსაკვეთად და მოქალაქეების დასაცავად ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება და ვალდებულება. ეს ვალდებულება განსაკუთრებით ვლინდება მაშინ, როდესაც სახეზეა ძალადობრივი მასობრივი აქცია. ბოლო სამი დღის განმავლობაში საზოგადოება აკვირდება, რომ რუსთაველის გამზირე ადამიანთა გარკვეული ჯგუფი შეკრებისთანავე იწყებს ვანდალიზმს, ქონების დაზიანებას და პოლიციელებზე ფიზიკურ ძალადობას, ქვების და ასაფეთქებლების დამიზნებით სროლით. ყოველ ჯერზე შსს-მ არაერთხელ, როგორც საჯარო განცხადებით, ისე ადგილზე, გააფრთხილა აქციის მონაწილეები, შეეწყვიტათ ძალადობა, თუმცა უშედეგოდ.
ყოველ ჯერზე შსს მხოლოდ მრავალჯერადი გაფრთხილების შემდეგ იწყებდა ძალადობის აღსაკვეთად კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენებას. ამ დროს მიზანი არა აქციის დაშლა, არამედ ძალადობის შეწყვეტაა. რჩება შთაბეჭდილება რომ აქციის მონაწილეთა გარკვეული ნაწილის მიზანს სწორედ ძალადობა და შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენება წარმოადგენს. „მოლოტოვის კოქტეილები“, პიროტექნიკა, სპეციალური ხსნარები, ამ საშუალებების გამოყენება ჯანმრთელობისთვის და შესაძლოა, სიცოცხლისთვისაც კი საშიში იყოს. ამიტომაც ვხედავთ, რომ ნაცვლად რუსთაველის გამზირზე აქციის მშვიდობიანად გამართვისა, აქციის მონაწილეების ნაწილი მიზანმიმართულად ინაცვლებს პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე, 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩებზე, და უტევს ამ ქუჩებზე განლაგებულ საპოლიციო ძალებს, რომლებიც იცავენ პარლამენტის შესასვლელებს.