პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა და განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი, რომელიც შეტანილია და რომლის პოზიტიურად გადაწყვეტა დაგვაბრუნებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეეხება, საითკენ მივდივართ პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება ერთობლივად, რაც დღეს გამოიკვეთა და რაც კიდევ უფრო გამოიკვეთება მომავალ პერიოდებში. როცა ჩვენ გვექნება შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში, პირველი ეტაპი, ქმედება, რაც უნდა დაიწყოს და დაიწყება ამ საღამოსვე ბათუმში, არის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე. საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს აქვთ ხელში უზარმაზარი საშუალება, რომ გადაწყვიტონ ძალიან ღრმა კრიზისი ქვეყანაში. ამის მაგივრად, საკონსტიტუციო არათუ არაფერს აკეთებს, არც ნიშნავს სხდომას. ასე რომ, მთელი ძალისხმევა პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა და განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი, რომელიც შეტანილია და რომლის პოზიტიურად გადაწყვეტა დაგვაბრუნებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში.
არჩევნები არ შემდგარა, პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, მაგრამ ძველი პარლამენტი დაბრუნდება და ჩვენ გვექნება გარდამავალი, ძალიან სტაბილური სვლა ახალი არჩევნებისკენ. პირველი ეტაპი არის ეს საკონსტიტუციო სარჩელი, მაგრამ ამის იქით ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რომელიც ასევე არის კონსტიტუციური მოთხოვნა – როცა არ შედგა არჩევნები, როცა გაყალბდა არჩევნები, როცა მოპარული იქნა ხალხის ხმა, ერთადერთი გზა სტაბილური, მშვიდობიანი, არის ახალი არჩევნები. არავის გამოუგონია სხვა რამ, ყველა სხვა გზა მიდის უფრო მეტი არასტაბილურობისკენ. თუ გვინდა, გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს, უნდა მივცეთ მის მოსახლეობას საშუალება, დაიბრუნოს თავისი ხმა, ხელახლა გამოხატოს თავისი ნამდვილი ნება, გაყალბების გარეშე.
ყველამ და პირველ რიგში, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა, რომლებიც იყვნენ ჩართული ამ პროცესში, ერთად უნდა შეიმუშაონ, როგორი უნდა იყოს პირობები ახალი არჩევნების, რათა ჩვენ არ აღმოვჩნდეთ იმავე მდგომარეობაში და არ მივცეთ იგივე ბერკეტები გაყალბებისა. არის რამდენიმე ძალიან კონკრეტული ნაბიჯი გადასადგმელი, რათა დაცული იყოს რეალურად ეს არჩევნები. ამაზე უნდა შეთანხმდნენ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, რომ ჩვენ არჩევნების დაცვის ეს გეგმა წარმოვადგინოთ თუნდაც, როცა ჩამოვა ტექნიკური მისია, რომელიც მზადდება ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
