“ოპოზიციის ლიდერები და მათი “ენჯეოების“ ლიდერები იყვნენ ოფისებში შემალულნი, ამ დღეების განმავლობაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ძალადობას ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აორგანიზებენ, ხოლო მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ, დაფინანსებული იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა მდიდარი „ენჯეოების“ მიერ. ოფისებში შემალული მდიდარი „ენჯეოების“ ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში. ოპოზიციის ლიდერები და მათი „ენჯეოების“ ლიდერები ოფისებში იყვნენ შემალული ამ დღეების განმავლობაში, თუმცა პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა და „ენჯეოებმა“ გაწირეს ათეულობით ადამიანი ჯანმრთელობის დაზიანებისთვის და სისხლის სამართლის სასჯელისთვის.
„ადამიანები არიან ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომლებსაც ემუქრებათ მათ შორის რამდენიმეწლიანი სისხლის სამართლის სასჯელი, ესეც არის შესაბამისი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკანების პასუხისმგებლობა. ამ დღეების განმავლობაში ამ ადამიანებმა იკადრეს აბსოლუტურად ყველაფერი უკადრებელი, მათ შორის გადაწვდნენ ბავშვებსაც კი. ხედავდით, რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში. ამ კამპანიაში პირდაპირ იყვნენ ჩართული როგორც რადიკალი პოლიტიკოსები, ასევე მათი მედიასაშუალებები, სალომე ზურაბიშვილი, რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ამორალურია ის, რასაც ჩვენ ვხედავდით ბავშვებთან მიმართებით მთელი ამ დღეების განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.