ეს არის სანქციები ხელისუფლების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც საქართველოს გადასცემს პუტინს - ზელენსკი


     უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლების დასანქცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

     ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ დილის მიმართვაში განაცხადა.

     "ახლა ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას ძალას ანიჭებს. ეს არის სანქციები ხელისუფლების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც ახლა საქართველოშია, რომელიც საქართველოს გადასცემს პუტინს", - განმარტა ზელენსკიმ.


     უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქციები დაუწესდება შემდეგ პირებს: ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, გიორგი ლილუაშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, ვახტანგ გომელაური, მდინარაძე მამუკა, ფარცხალაძე ოთარი, რუხაძე ირაკლი, მურუსიძე ლევანი, ჯაფარიძე ვიქტორი, სამხარაძე დიმიტრი, ხაინდრავა გიორგი, კობახიძე ირაკლი, კობახიძე გიორგი, შალამბერიძე ზვიადი, თადუმაძე შალვა, წულუკიანი თეა, ქარსელაძე ირაკლი, ბექაური კახა.

     სიაში შეყვანილ პირებს ათი წლით გაეყინებათ უკრაინაში არსებული ფინანსური აქტივები, აეკრძალებათ უკრაინაში ბიზნესის წარმოება, შეეზღუდებათ უკრაინაში ჩასვლა, გაუუქმდებათ ვიზები, აეკრძალებათ უკრაინაში ქონებისა და მიწის შესყიდვა.

     მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების ბრძანება გასცა, რაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.