ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება მკაცრად უპირისპირდება ომის ხარჯზე გამდიდრების ნებისმიერ მცდელობას


      უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება მკაცრად უპირისპირდება ომის ხარჯზე გამდიდრების ნებისმიერ მცდელობას. მისი თქმით, ქვეყანა არა მხოლოდ არ იღებს შემოსავალს მიღებული დახმარებით, არამედ აქტიურად სჯის მათ, ვინც ამ დახმარების ბოროტად გამოყენებას ცდილობს.

     ამის შესახებ ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში თქვა.


     უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების უდიდესი ნაწილი იარაღის სახით გაიცემა და არა ფულის. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება მკაცრად რეაგირებს დახმარების არამართლზომიერი გამოყენების ნებისმიერ მცდელობაზე.

„იქ, სადაც ჩვენ ვხედავდით რისკებს, რომ რაიმე შეიძლება, მომხდეს იარაღთან დაკავშირებით, ჩვენ ყველას ხელებზე ვურტყამდით. და დამიჯერეთ, ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინას. ჩვენ არ გვიშოვია ფული ომზე. თუ გამოვავლინეთ ვინმე, ვინც ამის გაკეთებას ცდილობდა, ჩვენ ხელზე ვურტყამდით და გავაგრძელებთ ამის კეთებას“, – თქვა ზელენსკიმ.


     ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დეზინფორმაციის გავრცელება არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ძირს უთხრის უკრაინისადმი ნდობას და ართულებს საერთაშორისო პარტნიორებისგან მხარდაჭერის მიღებას.


      „როდესაც ვიღაც ამბობს, რომ უკრაინა სადღაც ყიდდა იარაღს და რუსეთი ამ გზავნილს ავრცელებდა, ჩვენ ყოველთვის ვპასუხობდით: ჩვენი სამხედროები თვითონ დასჯიდნენ ამ ხალხს. ბოდიში, სასამართლოს და გამოძიების გარეშე, რადგანაც ჩვენ არ გვყოფნის იარაღი ფრონტზე. როცა ძალიან ბევრი ასეთი ინფორმაცია ჩნდება, იკარგება ნდობა და დახმარება. ამიტომ, დამიჯერეთ, ჩვენ უფრო მეტად ვებრძვით დეზინფორმაციას, ვიდრე იარაღის გაყიდვის რეალურ შემთხვევებს“,- აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.



წყარო: https://1tv.ge/news/volodimir-zelenski-ackhadebs-rom-ukrainis-khelisufleba-mkacrad-upirispirdeba-omis-kharjze-gamdidrebis-nebismier-mcdelobas/