ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელი არათუ დაკავებული არ უნდა იყოს, არამედ მის წინააღმდეგ საქმე საერთოდ არ უნდა აღძრულიყო.
"მზია ამაღლობელი დღეს არათუ პატიმრობაში უნდა იყოს, არამედ მის წინააღმდეგ საქმე საერთოდ არ უნდა დაგეწყოთ, რადგან კანონით ქმედება, რომელსაც მას ედავებით, არ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას, რომლის გამოც ის გამომწყვდეული გყავთ ციხეში," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის ქმედებას პოლიციელისთვის განსაკუთრებული ზიანი არ მიუყენებია.
"ვერსად ვერ დავინახე, რომ მზია ამაღლობელის ქმედებამ განსაკუთრებული ზიანი მიაყენა პოლიციელს. აბსოლუტურად პოლიტიზებულია მზია ამაღლობელის დაკავება და არანაირი ადგილი პოლიციელზე თავდასხმას მზიას მხრიდან არ ჰქონდა საერთოდ. დიდწილად, პოლიციელების უმრავლესობა და განსაკუთრებით, მაღალჩინოსნები, უფრო "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან, ვიდრე სამართალდამცავები," - აცხადებს ანა წითლიძე.
შეგახსენებთ, რომ "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს.
მზია ამაღლობელის მხარდამჭერი განცხადება ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:
"ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს მისი შიმშილობის მე-17 დღეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის ღირებულებების შუაგულშია", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/304690
![](/uploads/img/rcheulebshi-damateba.png)