პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან გარემოში და ამავდროულად, გულშიც არ გაივლონ დანაშაულის ჩადენა - გორდულაძე


     "თუ თავიანთი პროტესტის გამოხატვა უნდათ, გამოხატონ მშვიდობიან გარემოში და ამავდროულად, გულშიც არ გაივლონ დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან ეს მკაცრად ისჯება," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა, რა დროსაც მაგისტრალის გადაკეტვა იგეგმება.

     მისივე თქმით, კანონში ცალსახად წერია, რომ სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

     "ძალიან ბევრი ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში, სადაც ჩანს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, გზებზე სიარულთან დაკავშირებით, მაგრამ აზრი არ აქვს - ამ ადამიანებს არაფრის გაგონება არ უნდათ.

     კანონში ცალსახად წერია, რომ სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება არის დანაშაული და იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ყველა ადამიანს მოვუწოდებ, კარგად გაერკვნენ და იყვნენ ინფორმირებული. თუ თავიანთი პროტესტის გამოხატვა უნდათ, გამოხატონ მშვიდობიან გარემოში და, ამავდროულად, გულშიც არ გაივლონ დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან ეს მკაცრად ისჯება, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.