შედეგი, რა თქმა უნდა, იქნება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს, რომელიც მძვინვარებდა 2003-2012 წლებში სამართლებრივადაც თავისი სახელი დაერქმევა,- ასე ეხმიანება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნას, სადაც კომისიის პერსონალური შემადგენლობა გაირკვა.
გორდულაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი შედეგები შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნება.
„ყველა ის დეტალი, რომელიც იქნება საგამოძიებო კომისიის მიერ შეკრული და შესაბამისად წარდგენილი საქართველოს პარლამენტისთვის, შემდეგ რეკომენდაციების სახით გაეგზავნება ყველა რელევანტურ კონსტიტუციურ ორგანოს და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში იქნება სახელდებული ის მავნებლობა, მოღალატეობა და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც ასე უხვად იყო 2003-2012 წლებში,“- განაცხადა გორდულაძემ.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ არა ერთეული ადამიანები, არამედ მთლიანად რეჟიმი გასამართლდეს საჭიროა, ზუსტად რომ ის მექანიზმი იყოს ამუშავებული, რომელსაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ჰქვია.
„ჩვენ ვიცით, მაგალითად, კეზერაშვილი იქნება თუ ადეიშვილი, როგორ დასეირნობენ სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ფორუმებში და ღონისძიებებში, რაც კიდევ ერთხელ, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნისათვის. ამავდროულად იმისთვის, რომ არა ერთეული ადამიანები, არამედ, მთლიანად რეჟიმი გასამართლდეს ამისთვის არის საჭირო, ზუსტად რომ ის მექანიზმი იყოს ამუშავებული, რომელსაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ჰქვია“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
![](/uploads/img/rcheulebshi-damateba.png)