თუ რამის გამოძიებას აპირებდნენ, შეეძლოთ, გამოეძიებინათ მთელი ამ წლების განმავლობაში - გალდავა


     თეა წულუკიანის ინფორმაციით, დროებითი საგამოძიებო კომისიის 21 თებერვლის სხდომაზე გამოსაკითხად, სავარაუდოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნათია მოგელაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს დაიბარებენ.

     დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პარასკევს სხდომა 2008 წლის არჩევნების საკითხის განხილვას დაეთმობა, აგვისტოს ომთან დაკავშირებულ თემებზე კი მომდევნო კვირას იმსჯელებენ.

     მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს, წინა ხელისუფლების პერიოდში, მაღალი თანამდებობების პირთა საქმიანობის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების მნიშვნელობაზე.

     ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ის ფაქტი, რომ საგამოძიებო კომისია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის მე-12 წელს სასწრაფო წესით შეიქმნა, მეტყველებს, რომ უმრავლესობას ეს პროცესი ახლა დასჭირდა.

     "თავად ფაქტი, რომ ხელისუფლებაში ყოფნის მე-12 წელს დაანონსდა ამ კომისიის შექმნა და სასწრაფო წესით შეიქმნა და მითუმეტეს, მოწვეულ იქნა პირველი სხდომა იმაზე მიუთითებს, რომ "ქართულ ცნებას" ახლა დასჭირდა ეს პროცესი.

     თუ რამის გამოძიებას აპირებდნენ, შეეძლოთ, გამოეძიებინათ მთელი ამ წლების განმავლობაში. განსაკუთრებით 2016-2020 წლებში პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი ჰქონდათ, მაგრამ ეს არის სანახაობის შექმნის კიდევ ერთი მცდელობა", - აცხადებს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წარმომადგენელი ლანა გალდავა.