აშშ-ის შემდეგ, საქართველო პირველია, რომელიც გაერო-ში იმ რეზოლუციას უჭერს მხარს, რომლითაც ომი უნდა დასრულდეს - მაჭარაშვილი


     აშშ-ის შემდეგ, საქართველო პირველია, რომელიც გაერო-ში იმ რეზოლუციას უჭერს მხარს, რომლითაც ომი უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

    მისი თქმით, გლობალური ომის პარტია ,,ქართულ ოცნებას" თუ პროამერიკულ ძალად ,,მონათლავს," ეს მათი გადასაწყვეტია.

     "აშშ-მა უკრაინაში მშვიდობის თაობაზე რეზოლუციის პროექტი დააინიციირა. პირველი ჩვენ ვართ, ვინც რეზოლუციას მხარი დაუჭირა. არ ვიცი, გლობალური ომის პარტია თუ პროამერიკულ ძალად მოგვნათლავს, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ, როგორც აქამდეც, ასევე ახლაც, მხარს ვუჭერთ, რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს, რადგან ხალხი იხოცება და აღარაფერს ვამბობთ ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განადგურებაზე. ხედავთ, რა დრო დადგა, ამერიკის შემდეგ, საქართველო პირველია, რომელიც გაეროში იმ რეზოლუციას უჭერს მხარს, რომლითაც ომი უნდა დასრულდეს," - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

     ცნობისთვის, უკრაინაში ომის სამი წლისთავზე, ვაშინგტონი მოუწოდებს კიევს, გაეროში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან გაიწვიოს და მხარი დაუჭიროს შტატების ვერსიას, რომლის მხოლოდ ერთი თანასპონსორი საქართველო იყო. რეზოლუციის პროექტს შეუერთდა ისრაელი, უნგრეთი და ჩრდილოეთ მაკედონია.

     The Wall Street Journal წერს, რომ ვაშინგტონი და კიევი გაეროს დასამტკიცებლად ორ სხვადასხვა რეზოლუციას სთავაზობენ. კიევის რეზოლუცია რუსეთს უკრაინაში შეჭრაში ადანაშაულებს, ამერიკის პროექტში კი ნახსენები არ არის, ვინ დაიწყო ომი, დოკუმენტში არ არის არც კონკრეტული მოთხოვნები კრემლის მიმართ, ის ორიენტირებულია ომის დამთავრებაზე.

     უკრაინულ ვერსიას ევროპის ქვეყნები უჭერენ მხარს. ევროპის დედაქალაქებში გაგზავნილ შეტყობინებაში ამერიკელმა დიპლომატებმა ევროპელ კოლეგებს აცნობეს, რომ ვაშინგტონი უკრაინული რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იქნება.