საქართველოს სუვერენული არჩევანია, იყოს ევროკავშირის ნაწილი; სწორედ ეს არჩევანი დაედო საფუძვლად საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენას. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა ჩავერთოთ გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ ღია დიალოგში, რაც აუცილებელია როგორც ევროკავშირის გაფართოებისთვის, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, ბეათე მაინლ-რაიზინგერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს სხვადასხვა საკითხზე მოსაზრებების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„აუცილებელია, ვიპოვოთ ისეთი გადაწყვეტილებები და გზები, რომლებიც უზრუნველყოფს მდგრად მშვიდობას როგორც ჩვენს რეგიონში, ისე ევროპულ სივრცეში, რაც მომავალი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენ ვიმყოფებით ვენაში, სადაც მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინაა განლაგებული. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველამ პატივი ვცეთ საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და ჩვენ გარშემო არსებული პრობლემებისა თუ კონფლიქტების გადაწყვეტის გზების ძიებისას, ვიმოქმედოთ მათ შესაბამისად“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
