რაც ახლა პარლამენტის შენობის წინ ხდება, არის 9 აპრილს დაღუპულთა სულების შეურაცხყოფა - მძინარაშვილი


     ,,რაც ახლა პარლამენტის შენობის წინ ხდება, არის 9 აპრილს დაღუპულთა სულების შეურაცხყოფა და 9 აპრილს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ფეხქვეშ გათელვა!"- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

      ,,სამარცხვინოები ხართ! ადამიანებსაც ვერ გიწოდებთ! 36 წლის წინ ჩვენ მაშინდელ მთავრობის სახლთან ვიდექით ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მოთხოვნით, დღეს კი ვხედავ მანქურთების თარეშს, რასაც არაფერი აკავშირებს არც 1991 წლის 9 აპრილს დაღვრილ სისხლთან და არც 1991 წლის 9 აპრილის ემოციასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცხადებამ რომ მოგვგვარა.

     წლევანდელი 9 აპრილი სამარცხვინო თარიღად შევა საქართველოს ისტორიაში! ასეთი რამ არასდროს მომხდარა: 9 აპრილის მემორიალთან 9 აპრილს იგინებიან, იფურთხებიან და ძალადობენ! ეს არის გაუგონარი მკრეხელობა!

     1990 წლის 9 აპრილს, ტრაგედიის წლისთავზე არავის უკითხავს, ვინ რომელი პარტიის წევრი იყო, ხელისუფლებას წარმოადგენდა თუ ოპოზიციას, - რუსთაველის პროსპექტი ტიტების ველად გადაიქცა. ყველას მდუმარედ მიჰქონდა ყვავილები და ყველა ხმადაბლა საუბრობდა!

     არც მომდევნო წლებში მომხდარა დაპირისპირება, მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა! დღეს კი, დღეს რა ხდება?! სირცხვილი ყველას, ვინც ორგანიზება გაუწია ამ სიბინძურეს და ვინც მონაწილეობს ამ საზიზღრობაში! ის, რაც ახლა რუსთაველის პროსპექტზე ხდება, 1989 წლის აპრილის მოშიმშილეთა და მაშინდელი აქციის ლიდერების შეურაცხყოფაც არის! ეს არის საქართველოსთვის სილის გაწვნა! სადამდე მიგიყვანათ სიძულვილმა! როგორ დაეცით!"- წერს ბონდო მძინარაშვილი.