ქვეყანაში რძის იმპორტზე კონტროლი მკაცრდება


     ქვეყანაში რძის იმპორტზე კონტროლი მკაცრდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმპორტირებულ რძეში დარღვევა გამოვლინდა და, საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობით, კონტროლი გამკაცრდება.

     ზურაბ ჩეკურაშვილმა, კიდევ ერთხელ, გააკეთა განმარტება "სოფლის ნობათის" რძის პარტიის ამოღებასთან დაკავშირებით, სადაც აფლატოქსინები იქნა აღმოჩენილი. მისი თქმით, პარტია სრულად არის ამოღებული და იმ პროდუქტთან დაკავშირებით, რაც ახლა იყიდება, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

     "კომპანია "სოფლის ნობათის" რძის კონკრეტულ პარტიებში დაფიქსირებულ აფლატოქსინთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმოქმედა საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად. დარღვევის გამოვლენისთანავე, საზოგადოებას მყისიერად მივაწოდეთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და კომპანიასთან ერთად სააგენტომ დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბაზარზე განთავსებული ამ პარტიის პროდუქციის ამოღება. დღეისათვის, ეს პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სრულად არის ამოღებული. დღეს არსებული პროდუქცია, რომელიც არის დახლებზე განთავსებული, როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებული, არის სრულად შესაბამისობაში სტანდარტებთან, არის უვნებელი. ყველა პარტია, რომელიც იმპორტირებული იქნება, არა მხოლოდ აზერბაიჯანიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, იქნება შემოწმებული", - აცხადებს ზურაბ ჩეკურაშვილი.