ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის - ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ " ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შესაბამისად, მან "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
„დღეს „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად და ბუნებრივია, ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. მან ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა, მისი ლიდერობით კი „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანასა და საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა და ამავდროულად, მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით.
ამ ფონზე, მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე, პოლიტიკაში დაბრუნებისას, ჯერ თავდაცვის მინისტრად და შემდეგ უკვე მეორედ პრემიერ-მინისტრად დანიშვნით და ბოლოს უკვე პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად, პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე, საკუთარი ქვეყნის სამსახური კი, სხვა პოზიციიდან განვაგრძო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარტიის "ქართული ოცნების-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეობამდე, ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერ იკავებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.
