,, საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერებისთვის ბევრი რამ უნდა გაკეთდეს"- კობახიძე


     საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერებისთვის ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და მზად ვართ, ამ მიმართულებით, ჩვენს მეგობარ პარლამენტებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების უფროსების სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. 

     ირაკლი კობახიძემ ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, აღნიშნული ფორმატი კარგი შესაძლებლობაა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გასაძლიერებლად და ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებაში წვლილის შესატანად.

     „აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატების ხელმძღვანელების შეხვედრა შესანიშნავი შესაძლებლობაა იდეების გასაცვლელად, პარლამენტებს შორის კავშირების გასაძლიერებლად და ჩვენი ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებაში მეტი წვლილის შესატანად",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

     ირაკლი კობახიძის თქმით, ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობის 1 წლის განმავლობაში, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შესაძლებლობების გასაძლიერებლად ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, რჩება გამოწვევები.

     „ჩვენ ერთი წლით გადმოვიბარეთ ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა და ამ ხნის განმავლობაში, ბევრი რამ გავაკეთეთ საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მისი ღიაობის, გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად და ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმებიც გავატარეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება. ბევრი რამ უნდა გაკეთდეს საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერებისთვის. ჩვენ სრულად ვართ მზად და დაინტერესებულნი ვართ, ამ მიმართულებით, ჩვენს მეგობარ პარლამენტებთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

     ირაკლი კობახიძემ მხარდაჭერისთვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას(GIZ) მადლობა გადაუხადა.

     ინიციატივის მხარდაჭერისა და პერსონალური წვლილისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, მადლობა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს, გივი მიქანაძეს გადაუხადა.

     ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობაზე და სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს ნაყოფიერი დისკუსია უსურვა.

     „ჩვენ წარმატებულად ვთანამშრომლობთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) და მსურს, მადლობა გადავუხადო მათ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის მხარდაჭერისთვის. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ გივი მიქანაძეს, საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელს მისი პერსონალური წვლილისთვის და ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ჩვენ მივესალმებით სხვადასხვა ინიციატივას ამ პლატფორმის ფარგლებში, მაგალითად, საზაფხულო და ზამთრის აკადემიებს, რაც, რა თქმა უნდა, შემდგომ გააძლიერებს პროფესიონალურ კავშირებს პარლამენტებს შორის, ასევე, გააძლიერებს ხალხთაშორის ურთიერთობას", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно