"ქართული ოცნების" უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი ჯერ არ აქვს, თუმცა საკუთარ თავს კერძო სექტორში ხედავს.
მისი განმარტებით, გამორიცხული არ არის ოდესმე პოლიტიკაშიც დაბრუნდეს, თუმცა ახლა სურს, რომ მეტი დრო ოჯახს დაუთმოს.
"რაც შეეხება ჩემს მომავალ საქმიანობას, ამასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება გაიგებს. ძირითადად, ეს იქნება კერძო სექტორში საქმიანობა. მე შევეცდები, რომ ამ პოზიციიდან მივიღო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მონაწილეობა. ამის თაობაზე მოგვიანებით გექნებათ სიახლეები.
შეიძლება თუ არა, რომ პოლიტიკაში დავბრუნდე? გამორიცხული არაფერი არ არის. მაგრამ, ახლა როგორც მე გითხარით, ჩემი ამჟამინდელი მოტივაცია არის ის, რომ გავიდე პოლიტიკიდან, მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს და დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
