ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთში სამი პირი დააკავეს


     საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

     „1976 წელს დაბადებული ქ.შ.-ს, 1977 წელს დაბადებული ვ.კ.-სა და წარსულში ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ 1976 წელს დაბადებულ ი.ჟ.-ს ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში. დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“ ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები“, – აცხადებენ შსს-ში.

     გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, ასევე, 19-260-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით მიმდინარეობს.