როცა დიპლომატი ქვეყანაში მუშაობს, მინიმუმ მეგობრულ განწყობას მაინც უნდა ამჟღავნებდეს - წილოსანი


     შეშფოთებას იწვევს რიგი დიპლომატის მხრიდან არაკორექტული, არადიპლომატიური, ზოგ შემთხვევაში მტრული განცხადებები და პირდაპირი გაცხადებული პოზიცია, რომ მხარს უჭერენ და ახალისებენ რადიკალურ აქტივიზმს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

     მისი თქმით, დიპლომატი როდესაც ქვეყანაში მუშაობს, სულ მცირე, მეგობრულ განწყობას უნდა ამჟღავნებდეს.

    „არ მიკვირს, რომ საზოგადოებრივად აქტიური პიროვნებები შეშფოთებული იყვნენ იმ მოქმედებით, რომელიც რიგ დიპლომატებს ახასიათებთ. წარსულსაც რომ არ შევხედოთ, რეალობაშიც, მაგალითად, ევროკავშირის ელჩის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აქტიურად უნდა იმუშაონ საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებაზე, მინიმუმ არამეგობრულია. როცა დიპლომატი ქვეყანაში მუშაობს, მინიმუმ მეგობრულ განწყობას მაინც უნდა ამჟღავნებდეს. რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს რიგი დიპლომატის მხრიდან არაკორექტული, არადიპლომატიური და შეიძლება, ზოგ შემთხვევაში, მტრული განცხადებებიც და პირდაპირი გაცხადებული პოზიცია, რომ მხარს უჭერენ და ახალისებენ რადიკალურ აქტივიზმს, უფრო მეტიც, ამ რადიკალებისგან გამოწვეულ რევოლუციურ პროცესებს“, – განაცხადა ნინო წილსოანმა.