ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სადაც საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა ალბანეთში, სადაც პრემიერი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს.
კობახიძის თქმით, მზად არის ყველასთან საუბრისთვის.
„მნიშვნელოვანი სამიტია, ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი. გვექნება საშუალება, მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოვიდეთ, ასევე ამ ფორმატს გამოვიყენებთ, რათა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს გავესაუბროთ. ბუნებრივია, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს. მზად ვარ ყველასთან საუბრისთვის, ვნახოთ. ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას, არაერთ ლიდერს გავესაუბროთ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გარშემო შექმნილ ვითარებას, საქართველოს ევროინტეგრაციას. ყველა თემაზე გვექნება საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მრავალი წელია, საქართველო დადებით როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში.
„უკვე მრავალი წელია, ჩვენი ქვეყანა დადებით როლს ასრულებს ჩვენს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში და მომავალშიც მზად ვართ, განვაგრძოთ ამ წვლილის შეტანა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
