მთავრობამ „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებელს, მამია სანადირაძეს უთხრა, რომ შენ ძალიან იაფად აძლევ მომხმარებლებს ინტერნეტს, ამიტომ ბიუჯეტში თანხა შემოდის ცოტა და 11 000 000-ით დააჯარიმეს. თვლიდნენ, რომ ბიუჯეტში უნდა წასულიყო უფრო მეტი და იქნებოდნენ უკეთესად, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ჟურნალისტმა გიორგი იაკობაშვილმა განაცხადა.
იაკობაშვილის თქმით, „კავკასუს ონლაინი“ მეორედ დააჯარიმეს მაშინ, როცა კომპანიამ იურიდიული მისამართი შეიცვალა და რეესტრისთვის შეტყობინება ერთი საათით დააგვიანა.
„დღეს ყველანი, ფაქტობრივად, ინტერნეტზე ვართ დამოკიდებულები. მთავრობამ მაშინ მამია სანადირაძეს უთხრა, რომ ძალიან იაფად აძლევ მომხმარებლებს ინტერნეტს, ამიტომ ბიუჯეტში თანხა შემოდის ცოტა და 11 000 000-ით დააჯარიმეს. ამ დროს ადამიანები იყვნენ კმაყოფილები და თვლიდნენ, რომ ეს ფული ბიუჯეტში არ მიდიოდა. ისინი თვლიდნენ, რომ ბიუჯეტში უნდა წასულიყო უფრო მეტი და იქნებოდნენ უკეთესად. კიდევ ერთი ჯარიმა, ოფიციალური მისამართი შეიცვალა „კავკასუსმა“. რეესტრში უნდა აცნობო, როცა იურიდიული მისამართი იცვლება. თუ არ ვცდები, ერთი საათით დააგვიანა და 300 000 დოლარი გამოუწერეს ჯარიმა. ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ“, – განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.
ამასთან, კომისიის სხდომაზე გიორგი იაკობაშვილმა გაიხსენა, რა მოვლენები განვითარდა „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებით მას შეწმდეგ, რაც დამფუძნებელმა მამია სანადირაძემ შავ ზღვაში ინტერნეტკაბელი ჩადო.
„2008 წლის განმავლობაში მამია სანადირაძემ შეძლო, მოეზიდა ინვესტორები და შავ ზღვაში ჩადო ინტერნეტ კაბელი. ეს იყო უნიკალური კაბელი, რომელიც, თუ არ ვცდები სინგაპურს აკავშირებდა ვიღაცასთან და იყო შავ ზღვაში ჩადებული. ბევრი იწვალა, გააკეთა, ძალიან წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, მაგრამ ფოთამდე რომ მოვიდა, ფოთიდან-თბილისამდე უკვე დაკავშირება აუკრძალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხელისუფლებამ, მთავრობამ. ალბათ ვიღაცა იყო დაინტერესებული, ცხადია ამის გარეშე არაფერი კეთდებოდა. შესაბამისად, ეს პროექტი შეჩერდა, თუმცა „კავკასუსმა“ მაინც მოახერხა და ამის პრეზენტაცია გააკეთა, რადგან თვლიდა, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი ჩაირთვებოდა. თან გაითვალისწინეთ ის ამბავი, რომ მოლაპარაკებებიც იყო დასრულებული აზერბაიჯანთან, საქართველოს საშუალებით ინტერნეტი უნდა მიწოდებულიყო ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში. მოლაპარაკებები დასრულებული იყო სომხურ მხარესთან, ირანში უნდა მიგვეწოდებინა ინტერნეტი და, ფაქტობრივად, ჩვენ ინტერნეტის თვალსაზრისით ვხდებოდით დამოუკიდებლები როგორც რუსეთისგან, ასევე თურქეთისგან. პირიქით ჩვენზე დამოკიდებულები დამოკიდებულები ხდებოდნენ სხვა ქვეყნები. კარგი გაგებით ვამბობ ამას. ეს, რა თქმა უნდა, დიდ სახელმწიფო შემოსავლებთან იყო დაკავშირებული და ამ ყველაფრის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ სააკაშვილი ყოველი ჯიხურის გახსნაზე მიდიოდა, ეს შუქდებოდა, როგორც საქართველოს ეკონომიკური წინსვლის რაღაც მაგალითი, წარმოიდგინეთ, არც სააკაშვილი და არც პრემიერ- მინისტრი, ის კი არა, ეკა შარაშიძე იყო მაშინ ეკონომიკის მინისტრი და უბრალოდ, მთავარი სპეციალისტიც კი არ გამოუგზავნიათ ამხელა პროექტის პრეზენტაციაზე. მაშინ დავასკვენი, რომ „კავკასუს ონლაინის“ თავზე შავი ღრუბლები თავს იყრიდა“, – განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.
