საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე, განიხილეს საქართველოსა და ჯანმოს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. განსაკუთრებით აღინიშნა, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით, განხორციელებული ერთობლივი ინიციატივები.
შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების პროცესში ჯანმო-ს მხარდაჭერისა და პარტნიორობის მნიშვნელობას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ სარჯველაძეს ჯანმო-ს სახელით მადლობა გადაუხადა, ქვეყნის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის, მათ შორის, მალარიის ელიმინაციაში მიღწეული შედეგისთვის.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და ერთობლივი ძალისხმევა იქნება მიმართული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
