"მოხარულები ვართ, თუმცა, "ქართულ ოცნებას" ამჩატება ნამდვილად არ გვჩვევია, ვიცით, რომ ძალიან რთული პროცესებია აშშ-ში" - ლევან მაჭავარიანი


     "მან გამოხატა სურვილი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორტის გაგრძელდეს და განმტკიცდეს რეალური პარტნიორობა, იქნება ეს ეკონომიკურ ჭრილში თუ ა.შ. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, თუმცა, რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებას" ამჩატება ნამდვილად არ გვჩვევია," - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, ლევან მაჭავარიანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს, რომლითაც მან საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

     მისი თქმით, თუ ტრამპი გაიმარჯვებს "დიფ სთეითთან" ბრძოლაში, ქართული-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას წინა არაფერი უდგას.

     "ვიცით, რომ ძალიან რთული პროცესებია აშშ-ში და ბატონი ტრამპი არის ღია ბრძოლაში "დიფ სთეითთან", არაფორმალურ გავლენებთან. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ბატონი ტრამპი, მინიმუმ, შეასუსტებს ამ გავლენებს და თუ ეს ასე იქნა, ვერანაირი წინაღობა ვერ იქნება ჩვენი ურთიერთობების რეალურ პარტნიორობაში გადატანასთან დაკავშირებით," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

     ცნობისთვის, წერილში, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, აღნიშნულია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები და ელოდება ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.



წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/315434