ჩვენი მიზანია, რომ კორუპციის სიმცირის კუთხით 2030 წლისთვის მსოფლიოს მოწინავე სამეულში ვიყოთ - პაპუაშვილი


     "საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა კორუფციის სიმცირის მაჩვენებლებით, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით, თუმცა, ჩვენი მიზანია, რომ 2030 წლისთვის საქართველო ამ მხრივ მსოფლიოს მოწინავე სამეულში იყოს," - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურის წარდგენისას განაცხადა.

     მისივე თქმით, ამ თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის არჩევა გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რის გამოც მოსახლეობამ მანდატი "ქართულ ოცნებას" მისცა.

     "სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც კონსტიტუციური ორგანო გადამწყვეტ როლს თამაშობს სახელმწიფო სახსრების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფაში. საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ ბიუჯეტის ეფექტიანი ხარჯვა და კორუფციის რისკების მინიმიზებაა. საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა კორუფციის სიმცირის მაჩვენებლებით, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით, თუმცა, ჩვენი მიზანია, რომ 2030 წლისთვის საქართველო ამ მხრივ მსოფლიოს მოწინავე სამეულში იყოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ მხრივ აქვს გადამწყვეტი როლი, რომ საჯარო სახსრების მართვის სისტემა იმგვარად იყოს აწყობილი, რაც თავად მოახდენდა მათ არაეფექტიან თუ უკანონო ხარჯვის პრევენციას.

     როგორც იცით, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, ამიტომ გუნდთან და ბატონ გიორგისთან კონსულტაციით მივიღე გადაწყვეტილება, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. გიორგი გაბიტაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სისტემაში, 2013 წლიდან იკავებდა გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2024 წლიდან გენერალური პროკურორის თანამდებობას. ვფიქრობ, გენერალურ აუდიტორად მისი არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც წინასაარჩევნოდ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომლის შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.