"თინა ბოკუჩავა რასაც ამბობს, იმას ბოროტი ზღაპარი უნდა დავარქვათ. ამოცანაა, შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის შეფასებით, კოტე იოსელიანი უნდა გამოიკითხოს.
"თინა ბოკუჩავა რასაც ამბობს, იმას ბოროტი ზღაპარი უნდა დავარქვათ. ამოცანაა, შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს. რასაკვირველია, პირადად ხელმძღვანელობაზეა შეტევა. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრზე განახორციელდა შეტევა. ვფიქრობ, მაინც უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ, ამავე დროს, ახლავს სიბოროტის ის დონე, რომელიც "ნაცმოძრაობას" ახასიათებდა მაშინ, როცა ბოკუჩავა ერთ-ერთი ლიდერი იყო და დღესაც რჩება. რასაკვირველია, გამოძიება უნდა დაიწყოს, მაგრამ არ ვიცი რამდენად აქვთ კოტიკოს იმედი, რომ სწორად შეასრულებს იმ როლს, რომელიც მას მიანიჭეს", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, კოტე იოსელიანმა გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. მოგვიანებით, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მისი მეუღლე კოტე იოსელიანი გაიტაცეს, მასზე ზეწოლა განახორციელეს და ამის შემდეგ ჩაწერა უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდის ვიდეო.
