რატომ უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, რადგან შენ რომ გინდოდა იმ პოლიტიკურმა ძალებმა არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს, ამიტომ უნდა მოუწყო ქვეყანას ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რომ საწადელს მიაღწიო? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის საშინაო საქმეებში დემოკრატიული პრინციპების სრული უგულებელყოფით უხეში ჩარევაა.
„ყველა გამოთქმულ აზრს კონკრეტული დასაბუთება სჭირდება. ერთ-ერთი გამომსვლელი ამბობდა, რომ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. კი მაგრამ, რატომ უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, რადგან შენ რომ გინდოდა იმ პოლიტიკურმა ძალებმა არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს? ამიტომ უნდა მოუწყო ქვეყანას ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რომ შენს საწადელს მიაღწიო? ეს არის ქვეყნის საშინაო საქმეებში დემოკრატიული პრინციპების სრული უგულებელყოფით უხეში ჩარევა. ის დეპუტატები, ვინც ამბობენ, რომ საქართველოს ასეთი ტიპის ჩარევები არ სჭირდება არც მოსკოვიდან, რადგან თავის დროზე საქართველოში ამ პოლიტიკის გამტარებელი სწორედ მოსკოვი იყო, არც ბრიუსელიდან და არცერთი ქვეყნის დედაქალაქიდან – სწორედ ეს არის სწორი და გამართული მიდგომა. კრიტიკა მისაღები იქნება იმ შემთხვევაში, თუ ის ობიექტურ მონაცემებზე იქნება დამყარებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის არამართლზომიერი და არაკეთილსინდისიერი მეთოდებით ბრძოლა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რაც შეეხება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ევროპაში მხარს იმას დაუჭერენ, რაც მათ ინტერესებშია.
„ექვსი რეზოლუცია ვიხილეთ და ექვსივე რეზოლუციაში სწორედ ეს პოლიტიკური მიზნებია ჩადებული, რომელიც ორმაგი სტანდარტებით კი არ არის ნაკარნახევი, საერთოდ სტანდარტებს გარეშეა შექმნილი. ევროკავშირის ამ ბიუროკრატიას, პოლიტიკოსთა ნაწილს, სრულებით არ აინტერესებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული გზა. მათი მიზანია საქართველოში ისეთი ტიპის მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, რომელიც მათი ინტერესების გამტარებელი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
წყარო: https://1tv.ge/news/irakli-qadagishvili-evrokavshiris-politikosta-nawils-ar-ainteresebs-saqartvelos-evrokavshirtan-daakhloebis-demokratiuli-gza-mati-mizania-marionetuli-khelisuflebis-moyvana/
